ენერგეტიკის მინისტრის მოვალეობას ილია ელოშვილი შეასრულებს

ენერგეტიკის მინისტრის მოვალეობას ილია ელოშვილი შეასრულებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს კახა კალაძემ განუცხადა, რომელმაც ენერგეტიკის მინისტრის პოსტი დატოვა.

ილია ელოშვილი ამ დრომდე ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე იყო.

"დღევანდელი დღე მაგონებს იმ დღეს, როდესაც პირველად მოვედი სამინისტროში და ყველა ასე შეკრებილი დამხვდა. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ თანამშრომელს, თანაგუნდელს. ჩვენ ამ წლების განმავლობაში მართლაც ძალიან ბევრი პროექტი განვახორციელეთ და მე ნამდვილად მეამაყება ამ ადამიანების, რადგან ყოველდღე, 24 საათის განმავლობაში ერთად, ჩვენი ერთსულოვნებით ვაშენებდით ქვეყნის ენერგეტიკას. მეამაყება ნამდვილად ის, რომ 4 წლის განმავლობაში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. დაწყებულია ბევრი პროექტი და დარწმუნებული ვარ, რომ ამას მივიყვანთ ბოლომდე. ჩვენი პატარა, მაგრამ ერთ ოჯახად შეკრული სამინისტრო სამაგალითოა თავისი ერთსულოვნებით, მეგობრობით და პროფესიონალიზმით. მე ჩემს ცხოვრებაში ბევრი ოჯახი და გარემო გამოვიცვალე, ენერგეტიკის სამინისტრო ჩემთვის მშობლიური სახლივითაა და თითოეული თქვენგანი ჩემი ენერგეტიკული ოჯახი ხართ. დღეიდან არ ვარ თქვენი მინისტრი. მინდა წარმატებები გისურვოთ. ცოტა ემოციურია ჩემთვის ეს ყველაფერი", - მიმართა კალაძემ თანამშრომლებს და უწყების წარმომადგენლებს დაემშვიდობა.