ამბროლაურში „რაჭული ლორის“ პირველი საწარმო აშენდება

2017 წლამდე ამბროლაურში პირველი „რაჭული ლორის“ საწარმო აშენდება. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ საწარმოს მფლობელმა როსტომ კობახიძემ უთხრა.

როგორც მან აღნიშნა, მშენებლობა რამდენიმე დღეში დაიწყება და წლის ბოლომდე გაგრძელდება, ხოლო პროდუქცია ბაზარზე 2017 წლიდან გამოჩნდება.

კობახიძის თქმით, უშუალოდ საწარმოში, რომელიც პირველი ორი წლის განმავლობაში 10 ტონა ლორის წარმოებას შეძლებს, შემდეგ კი ამ მოცულობას 20 ტონამდე გაზრდის, 12-14 ადამიანი დასაქმდება.

ერთი კილოგრამი ლორი, რომელიც ქართული ღორის ხორცისგან დამზადდება, დაახლოებით 25 ლარი ეღირება.

ამბროლაურში წარმოებული „რაჭული ლორი“ თავდაპირველად მხოლოდ ქართულ ბაზარზე გაიყიდება და სავარაუდოდ, საქართველოს მოთხოვნის 50%-ს დააკმაყოფილებს. თუმცა, კობახიძემ აღნიშნა, რომ სამომავლოდ შესაძლოა, საზღვარგარეთ გატანაც მოხდეს.

პროექტის ღირებულება 350 000 დოლარია.