დღეის მონაცემებით, კახეთის რეგიონში 16,3 ათასამდე ტონა ყურძენი გადამუშავდა

12 სექტემბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში 16,3 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული.

როგორც  სოფლის მეურნეობის სამინისტროში განაცხადეს, აღნიშნული რაოდენობიდან 6,3 ათასი ტონა რქაწითელი, 7,9 ათასი ტონა საფერავი, 827 ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

ღვინის კომპანიებში ყურძნის რეალიზაციის შედეგად კახეთის რეგიონის მევენახეებმა შემოსავლების სახით 13,4 მლნ ლარი მიიღეს.

ამ ეტაპისთვის ყველა დიდი რაოდენიბის ყურძენი გადამუშავებულია სიღნაღის მუნიციპალიტეტში - 4,9 ათასი ტონა. კახეთის რეგიონის დანარჩენ მუნიციპალიტეტებში შემდეგი მდგომარეობაა: გურჯაანი - 3,5 ათასი ტონა, ყვარელი - 3,4 ათასი ტონა, თელავი - 3,2 ათასი ტონა, დედოფლისწყარო - 1,1 ათასი ტონა, ახმეტა - 94 ტონა, ლაგოდეხი - 88 ტონა და საგარეჯო - 55 ტონა.

„ყურძნის გადამუშავების პროცესში უკვე ჩართულია 40 ღვინის კომპანია, მათ შორის 6 სახელმწიფოს მიერ დაქირავებული საწარმო, დანარჩენი კერძო ღვინის კომპანიაა, რომლებიც განლაგებულია სიღნაღის, დედოფლისწყაროს, გურჯაანის, ყვარლის, თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში. ამ ეტაპისთვის რთველის საკოორდინაციო შტაბში 103 ღვინის კომპანიაა დარეგისტრირებული“, - აცხადებენ უწყებაში.

სამინისტროს ინფორმაციით, ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ღვინის კომპანიებში ყურძნის ჩამბარებელ ფიზიკურ პირებზე სუბსიდია გაიცემა: კახეთის რეგიონში რქაწითელზე და კახური მწვანეზე: 1 კგ. - 0,45 ლარი; საფერავზე: 1 კგ - 0,20 ლარი; რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო-სვანეთის რეგიონში მუჯურეთული/ალექსანდროულზე: 1 კგ. - 2 ლარი.