რომან გოცირიძე - ”თიბისის” მიერ ”ბანკი რესპუბლიკას” შეძენა საბანკო სისტემის განვითარებაში სერიოზული უკან გადადგმული ნაბიჯია

”თიბისი ბანკის” მიერ ”ბანკ რესპუბლიკის” სავარაუდო შეძენა საქართველოს საბანკო სისტემის განვითარებაში სერიოზული უკან გადადგმული ნაბიჯია.

ამის შესახებ  საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, ”ნაციონალური მოძრაობის” სიის მე-4 ნომერმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

რომან გოცირიძემ აღნიშნულის რამდენიმე მიზეზი დაასახელა. მისი თქმით, პირველი არის ის, რომ ქვეყნიდან გადის მსოფლიოში ცნობილი ბანკი ”სოსიეტე ჟენერალი”, რაც მისი თქმით, ”არა მარტო აღარიბებს ქართულ საფინანსო სისტემას, ასუსტებს კონკურენციას, არამედ ცუდ სიგნალს აძლევს უცხოელ ინვესტორებს”.

”მე-2 – ”თიბისი ბანკის” მიერ მისი შეძენა კიდევ უფრო ზრდის მონოპოლიზმს ქართულ საბანკო ბაზარზე და კიდევ უფრო აძლიერებს ორი ბანკის დომინირებულ პოზიციებს, რაც არ უწყობს ხელს ფინანსური სისტემის განვითარებას. მესამე - ჩინური ჯგუფის მიერ ბანკ ”რესუბლიკის” ყიდვაზე უარის თქმა, ბადებს ბევრ კითხვას, რომელსაც საზოგადოების წინაშე უნდა გაეცეს პასუხი. მეოთხე - საუბარი იმის თაობაზე, რომ ”თიბისი ბანკმა” ბანკ ”რესპუბლიკასთან” ერთად უნდა იყიდოს ”პროგრეს ბანკი”, რომელიც ეკუთვნის ქართველ მაღალჩინოსანს, ქვეყნის არაფორმალურ მმართველსა და კრიმინალური წარსულის მქონე რუს ბიზნესმენს, ბადებს სერიოზულ ეჭვებს, რომელიც სცდება წმინდა საბანკო გარიგების ფარგლებს”, - განაცხადა გოცირიძემ.

მისივე თქმით, ამ კითხვებზე დამაჯერებელი პასუხი უნდა გასცეს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, როგორც ამ სფეროში ზედამხედველობის და ანტიმონოპოლიური პოლიტიკის გამტარებელმა.

„თიბისი ბანკი“ „ბანკი რესპუბლიკას“ აქციების 93,64%-ს 315 მილიონ ლარად (103 მილიონ ფუნტად) შეიძენს. „ბანკი რესპუბლიკას“ მფლობელ ფრანგულ „სოსიეტე ჟენერალთან“ საბოლოო შეთანხმება მიღწეულია.