სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ბიზნესმენებთან მორიგ შეხვედრას გამართავს

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან რაზმაძე ბიზნესმენებთან - სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე სამშენებლო ბიზნესში დასაქმებულ მიმწოდებლებთან რიგით მეათე შეხვედრას გამართავს.

როგორც  სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში განაცხადეს, ბიზნესმენებთან შეხვედრა 14 სექტემბერს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის არყოფნის გამო, 13 სექტემბერს გაიმართება.

”შეხვედრების მიზანია, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეს ბიზნესსაზოგადოების წარმომადგენლებმა უშუალოდ მიაწოდონ ინფორმაცია კონკრეტულ ტენდერებზე, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული, მათი აზრით პრობლემური საკითხებისა და შესყიდვების სფეროში არსებული შესაძლო ხარვეზების შესახებ. აგრეთვე, წარმოადგინონ საკუთარი ხედვები, მოსაზრებები და პრობლემის გადაჭრის წინადადებები”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სააგენტოს ინფორმაციით, შემდეგი, მეთერთმეტე შეხვედრა ჩატარდება 28 სექტემბერს და მოწვეულები იქნებიან ტანსაცმლის სფეროში დასაქმებული მიმწოდებლები. მომდევნო შეხვედრები დაგეგმილია ბეჭდვისა და მასთან დაკავშირებული მომსახურების, ასევე დასუფთავებისა და სანიტარული ღონისძიებების სფეროში დასაქმებულ მიმწოდებლებთან.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან რაზმაძის ინიციატივით, შეხვედრები ბიზნეს საზოგადოების წარმომადგენლებთან რეგულარულად, თვეში ორჯერ ტარდება.