უცხოელები საქართველოში უძრავ ქონებას აქტიურად ყიდულობენ

უძრავი ქონების ბაზარს საქართველოში ერთი თავისებურება გამოარჩევს: სამშენებლო კომპანიები ძირითადად ორ ქალაქში ოპერირებენ - თბილისსა და ბათუმში, ხოლო სხვა ქალაქები უფრო ინერტული არიან.

ყველაზე აქტიური ამ მხრივ მაინც ჩვენი დედაქალაქია, სადაც უძრავი ქონება ყველაზე კარგად იყიდება, რეგიონებში კი, მშენებარე ბინებზე მოთხოვნა ნაკლებია. ზაფხულის სეზონზე კიდევ ერთი ტენდენცია გამოიკვეთა - თბილისსა და ბათუმში ბინებს უცხოელები აქტიურად ყიდულობენ.

როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ სამშენებლო კომპანია „მონოლით ჯგუფის“ ხელმძღვანელმა ზვიად დარახველიძემ განაცხადა, ადგილობრივი მოსახლეობა ძირითადად პატრა ბინებს ყუდულობს, თუმცა ამ ზაფხულს 100-130 კვ. მ. ფართობის მქონე ბინები კარგად გაიყიდა.

ზვიად დარახველიძე: „ განსაკუთრებით აქტიურობენ იტალიასა და საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები, შემდეგ მოდიან ამერიკასა და რუსეთში მცხოვრებლები. მთავარი სიახლე კი ის არის, რომ თბილისში ბინების შეძენა უცხოელებმაც დაიწყეს. სულ ახლახან, ნუცუბიძის პლატოზე, ჩვენს მიერ აშენებულ კორპუსში პოლონელებმა შეიძინეს ერთი ბინა. პენსიონერები არიან, გვითხრეს, რომ საქართველო პირველად ნახეს, ძალიან მოეწონათ და გადაწყვიტეს ნახევარი წლის განმავლობაში აქ იცხოვრონ, ნახევარ წელიწადს კი - პოლონეთში“.

ზვიად დარახველიძის შეფასებით, თუ ქვეყანა სტაბილურად განვითარდება, უცხოელი კლიენტების რიცხვი კიდევ უფრო მოიმატებს, ოღონდ, სიმშვიდე და სტაბილურობა ჩვენი ბიზნესისთვის აუცილებელია.

„თუ საქართველო ევროპული ქვეყნების რიგში ჩადგება, მოსალოდნელია, რომ აქ ჩინელებიც შეიძენენ ბინას, ევროპელებიც და აფროამერიკელებიც. სწორედ სტაბილურობის გამო გააქტიურდნენ ქართველი ემიგრანტებიც: ისინი ხედავენ, რომ საქართველოში სიმშვიდეა და თავიანთ ნაშრომს თამამად აბანდებენ უძრავ ქონებაში. აქვე უნდა ვთქვა, რომ ადრე ჩვენი მოსახლეობა ძველ კორპუსებს ეტანებოდა, ახლა ეს ტენდენციაც შეიცვალა. ძალიან ბევრი ოჯახი ცდილობს ბინა ახლად აშენებულ სახლში შეიძინოს, რადგან თანამედროვე კორპუსები 8 ბალზეა გათვლილი“, - აცხადებს დარახველიძე.

უცხოელების გააქტიურებაზე ამახვილებს ყურადღებას კომპანია „ტიფლის დეველოპმენტის“ გაყიდვების მენეჯერი ანა ჩიგოგიძეც.

„ბოლო ხანებში უცხოელი კლიენტები მართლა ძალიან გააქტიურდნენ. ბინის შეძენის რამდენიმე მსურველი ახლაც გვყავს. განსაკუთრებით აქტიურობენ აზერბაიჯანელები და ირანელები. ეს იმ კატეგორიის ხალხია, რომელიც საქართველოს კარგად იცნობს, ბევრს აქ თავისი ბიზნესი აქვს და ჩვენი ქვეყანა ძალიან მოსწონს. მყიდველებს შორის ბევრია უცხო ქვეყნებში სამუშაოდ წასული ემიგრანტები, რომლებიც ბინის განვადებით შეძენას ამჯობინებენ და აქტიურად ყიდულობენ ბინებს მშენებარე კორპუსში“, - აღნიშნავს ანა ჩიგოგიძე.

სამშენებლო კომპანია Mardi Holding-ის პიარმენეჯერი ავთანდილ კომახიძე კი აცხადებს, რომ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია ბათუმშიც:

„გარდა უცხოეთში მცხოვრები ქართველებისა, ბათუმში ბინებს ყიდულობენ ჩეხები, უკრაინელები, ბელორუსები და სხვა ქვეყნის წარმომადგენლები. ისინი უმეტესწილად ქალაქის ცენტრში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ბინებს არჩევენ. ჩვენი კომპანიის აშენებულ კორპუსში ახლახან ავსტრიის მოქალაქემაც შეიძინა ბინა, ასევე - ყაზახეთის ოთხმა მოქალაქემ. ყველას, ვინც ბათუმში ბინას ყიდულობს, სხვადასხვა მიზანი აქვს: ყიდულობენ დასასვენებლად, ბიზნესისთვის და გასაქირავებლად, რადგან ამ ქალაქში ბინები საკმაოდ კარგად ქირავდება. რაც შეეხება სარფსა და გონიოს, იქ უფრო კერძო სასტუმროებზეა მოთხოვნა. სხვათა შორის, თურქები აჭარაში საცხოვრებელ ფართს იშვიათად ყიდულობენ, ისინი უმეტესწილად დასაქირავებელ ბინებს ეძებენ“, - ამბობს ავთანდილ კომახიძე.

Mardi Holding-ის წარმომადგენლის თქმით, უძრავი ქონების ბაზარი საქართველოს სხვა ქალაქებში ძალიან ინერტულია: „მაგალითად, ქუთაისში რამდენიმე ადამიანი იკრიბება, ვისაც ამ უძველეს ქალაქში ბინის შეძენა სურს და საცხოვრებელ კორპუსს თავისი სახსრებით აშენებს. ბუნებრივია, სამშენებლო კომპანიები ერიდებიან ისეთ ადგილებში მშენებლობის დაწყებას, სადაც ბინებზე მოთხოვნა ნაკლებია. ამიტომ, ისინი ქუთაისში, თელავში, გორში, და საქართველოს სხვა ქალაქებში იშვიათად ოპერირებენ“, - აცხადებს ავთანდილ კომახიძე.

ხათუნა ჩიგოგიძე