იტალიური ბანკი UniCredit ევროპის ყველაზე სუსტ ბანკად დასახელდა

იტალიის უმსხვილესი ბანკი UniCredit აქტივების მოცულობის კუთხით ყველაზე სუსტ ბანკად დასახელდა.

გამოცემა MarketWatch-ის ცნობით, ბანკის ნეგატიური შედეგები გამოიწვია .ე.წ. „ცუდი“ კრედიტების უზარმაზარმა რაოდენობამ და დაბალი საპროცენტო განაკვეთის პრობლემასთან გამკლავების უშედეგო მცდელობებმა.

UniCredit-ის ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჟან-პიერ მუსტიე ამჟამად ფინანსური ინსტიტუტის რესტრუქტურიზაციის ახალ გეგმაზე მუშაობს. ბანკის გადასარჩენად, ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება „ცუდი“ კრედიტების იძულებითი წესით შემცირება, რომლის თანხაც აღემატება 89,9 მილიარდ აშშ დოლარს - ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპულ ბანკებს შორის.

გავრცელებული ცნობით, UniCredit-დან კაპიტალიზაციის მხარდასაჭერად მუსტიემ შესაძლოა, ბანკის აქტივების გაყიდვის გადაწყვეტილებაც მიიღოს, თუმცა ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეს ზომა ნეგატიურად აისახება ფინანსური ინსტიტუტის შემოსავალზე.

UniCredit-ს აქვს უზარმაზარი აქტივები გერმანიასა და აღმოსავლეთ ევროპაში, ამიტომ ბანკის პრობლემებმა შესაძლოა, ნეგატიური გავლენა მოახდინოს არა მხოლოდ იტალიის ეკონომიკაზე, არამედ ევროპული კონტინენტის ფინანსურ სტაბილურობაზეც.