საქართველოსა და უკრაინას შორის სარკინიგზო-საბორნე მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი

ბათუმში მიმდინარე  საერთაშორისო საზღვაო ფორუმის ფარგლებში, პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ორმხრივი შეხვედრები გამართა. როგორც  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განაცხადეს,  საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან, კიტაკ ლიმთან შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს საქართველოს საზღვაო დარგის პერსპექტივები, სანავსადგურე და სანაოსნო სექტორებში არსებული შესაძლებლობები, მეზღვაურთა დასაქმების პოტენციალი. დიმიტრი ქუმსიშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს ეკონომიკაში საზღვაო დარგის მნიშვნელობას.

სამინისტროს ინფორმაციით, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა კიტაკ ლიმმა დიმიტრი ქუმსიშვილს დაუდასტურა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მზაობა საქართველოს საზღვაო სექტორის განვითარებისთვის ტექნიკური დახმარების ინსტრუმენტების გამოყოფის შესახებ.

უწყების ცნობით, კვიპროსის კომუნიკაციებისა და შრომის მინისტრთან, მარიოს დემეტრიადესთან შეხვედრისას მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია მათ ქვეყნებში საზღვაო დარგში არსებულ ვითარებაზე. კვიპროსის მხარემ ქართველ კოლეგას გააცნო ინფორმაცია გემების რეგისტრაციის, სანაოსნო კომპანიების მოზიდვისა და ნავსადგურების ოპერირების კვიპროსში არსებული მოდელების შესახებ.

ფორუმის ფარგლებში, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი ასევე მალტის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ჯო მიცს შეხვდა, რომლის დროსაც მთავარი აქცენტი გაკეთდა მალტის წარმატებულ გამოცდილებაზე გემების რეგისტრაციის მიმართულებით. მალტის მხარემ აღუთქვა მხარდაჭერა ქართველ კოლეგებს აღნიშნულ სფეროში აქტიური დახმარების აღმოჩენის შესახებ. მხარეებმა ასევე ხაზი გაუსვეს ორმხრივი საზღვაო შეთანხმების გაფორმების მნიშვნელობას, რომელსაც ხელი მოეწერა ბათუმის საზღვაო ფორუმის ფარგლებში.

სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოსა და უკრაინას შორის სარკინიგზე-საბორნე მიმოსვლის განვითარებაზე გაკეთდა განსაკუთრებული აქცენტი დიმიტრი ქუმსიშვილისა და უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის ვოლოდიმირ ომელიანის შეხვედრაზე. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, იმის გამო, რომ რუსეთის ფედერაციამ მნიშვნელოვანი შეზღუდვები დააწესა უკრაინულ ტრანზიტზე შუა აზიაში, უკრაინული მხარე დაინტერესებულია ტვირთნაკადები გადმოამისამართოს საქართველოს მიმართულებით.

”შეხვედრაზე ითქვა, რომ აღნიშნული პროცესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით უდიდესი მნიშვნელობა გააჩნია უკრაინის მხარესთან ახალი შეთანხმების გაფორმებას სარკინიგზო-საბორნე მიმოსვლის შესახებ. აღნიშნულ დოკუმენტს ხელი მოეწერა ბათუმის ფორუმის ფარგლებში. შეთანხმების შედეგად, ნებისმიერ დაინტერესებულ საბორნე კომპანიას შეეძლება, შეუფერხებლად განახორციელოს სარკინიგზო ბორნების ოპერირება ორი ქვეყნის ნავსადგურებს შორის. ტექნიკური საკითხების მოგვარების კუთხით, დიმიტრი ქუმსიშვილი და ვოლოდიმირ ომელიანი შეთანხმდნენ, ახლო მომავალში გაიმართოს სამუშაო შეხვედრა ტრანსპორტის სფეროში დარგის ექსპერტების დონეზე”, - ნათქვამია ინფორმაციაში.