რატომ არ თანამშრომლობენ ბანკები კოოპერატივებთან?

ფერმერული კოოპერატივების შექმნა საქართველოში 2014 წლის 1 იანვრიდან დაიწყო. კოოპერაციის პროცესში, რომელიც ევროპაში მე-19 საუკუნიდან მიმდინარეობს, ჩვენი ქვეყანა მხოლოდ ორი წლის წინ ჩაერთო, მიუხედავად ამისა, დღეს საქართველოში 1 644 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია რეგისტრირებული. ყველაზე აქტიური რეგიონი ამ მხრივ სამცხე-ჯავახეთია, სადაც უკვე 369 კოოპერატივი მოქმედებს და საქმიანობს. შემდეგ მოდის ქვემო ქართლი-233 კოოპერატივით. მცხეთა-მთიანეთში ჯერჯერობით 84 კოოპერატივია რეგისტრირებული, შიდა ქართლში -127, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 137; რაჭა-ლეჩხუმშიც - 137, აჭარაში -163, ხოლო იმერეთში - 130; ბოლო სამი თვის განმავლობაში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი მიენიჭა 150 კოოპერატივს. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოში ამბობენ, რომ ზოგჯერ დღეში 5-6 კოოპერატივის დარეგისტრირება უწევთ. ყველაზე მეტად რა უშლის ხელს კოოპერატივების გაძლიერებას საქართველოში? - ამის თაობაზე „ბიზნესპრესნიუსი“ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელს - გიორგი მიშელაძეს ესაუბრა:

გიორგი მიშელაძე:

- ჩემი დაკვირვებით, კოოპერატივების განვითარების ყველაზე დიდი პრობლემა საქართველოში არის ის, რომ ძირითადად მცირეწევრიანი კოოპერატივები იქმნება, რაც ვერ პასუხობს კოოპერაციის თანამედროვე მოთხოვნებს. სასურველია, ისეთი კოოპერატივები შეიქმნას, რომლებშიც უფრო მეტი წევრი, უფრო მეტი ოჯახი იქნება გაერთიანებული, რათა კოოპერატივის სიკეთე მისმა მეპაიეებმა უფრო სრულად შეიგრძნონ და დაინახონ.

- როდემდე შეეხება საგადასახადო შეღავათები კოოპერატივებს? ეს მათთვის ძალზე მნიშვნელოვანი საკითხია...

- საგადასახადო შეღავათების ვადამ 2018 წლის 1 იანვრამდე გადაიწია. თავდაპირველად ეს ვადა 2017 წლის 1 იანვრამდე იყო განსაზღვრული, მაგრამ კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდა. შესაბამისად, ყველა კოოპერატივი გათავისუფლებულია ქონების გადასახადისგან, ასევე, პირველადი პროდუქციის მიწოდებით მიღებული მოგების გადასახადისგან, მიუხედავად იმისა, თუ რა რაოდენობის იქნება ეს მოგება. კოოპერატივის მეპაიეები გათავისუფლებული არიან კოოპერატივიდან მიღებულ დივიდენდზე საშემოსავლო გადასახადისგანაც. ასევე თავისუფალია კოოპერატივი გრანტით მიღებულ ქონებაზე მოგების გადასახადისაგან. როგორი მოგებაც არ უნდა მიიღოს კოოპერატივმა ამ გრანტისგან, ის მაინც არ დაიბეგრება.

- ჩვენი კოოპერატივების კიდევ ერთი, სერიოზული პრობლემა ისიც არის, რომ მათ ბანკებთან ურთიერთობა და ფინანსური რესურსის მოზიდვა უჭირთ. ამ პრობლემის გადაწყვეტა როგორ წარმოგიდგენიათ?

-კოოპერატივებს ბანკებთან ურთიერთობა იმიტომ უჭირთ, რომ ისინი სესხის ქონებით უზრუნველყოფას მოითხოვენ, მოითხოვენ სტაბილურ ბიზნესს, რაც კოოპერატივებს არა აქვთ. შეიძლება კოოპერატივს რაღაც ქონება ჰქონდეს, მაგრამ ბანკები ამას საკმარისად არ მიიჩნევენ. ეს ყველაფერი განაპირობებს, რომ ბანკები სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს კრედიტს იშვიათად აძლევენ. შესაბამისად, ისინი ვეღარ ერთვებიან შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამებში. მოგეხსენებათ, ყველა ბანკი დამოუკიდებელი კომერციული სტრუქტურაა და მისი გადასაწყვეტია, ვისზე გასცემს სესხს და ვისზე - არა. ეს ბანკის საქმეა, თუმცა ახლა ვფიქრობთ, რა შეიძლება გაკეთდეს, რომ კოოპერატივები ფინანსურად უზრუნველყოფილნი იყონ, რომ ფინანასებზე უფრო მეტი წვდომა ჰქონდეთ. ვმუშაობთ და ვცდილობთ გამოვნახოთ გზები, რათა საბანკო კრედიტები კოოპერატივებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს.

- იგივე შეიძლება ითქვას გრანტებზე, რაც ყველა კოოპერატივისთვის ხელმისაწვდომი არ არის. ამ მიმართულებით რის გაკეთებას აპირებთ?

- გრანტი ეძლევა იმ კოოპერატივს, რომელიც გარკვეულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. სხვადასხვა მიმართულების კოოპერატივებისთვის სხვადასხვა კრიტერიუმია დაწესებული. მაგალითად, მეფუტკრეობის პროგრამაში ჩართვის მსურველებს სხვა კრიტერიუმები მოეთხოვებათ, ხოლო რძის მწარმოებელ კოოპერატივებს - სულ სხვა. ყველა პროგრამას თავისი მოთხოვნები აქვს და თუ კოოპერატივი დაწესებულ კრიტერიუმებს ვერ დააკმაყოფილებს, ვერც პროგრამაში ჩაერთვება და ვერც იმ სიკეთეს მიიღებს, რომელსაც სახელმწიფო გრანტის სახით აძლევს. ტექნიკა და აღჭურვილობაც იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ კოოპერატივები დაწესებულ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ. იგივე უნდა ვთქვა თანადაფინანასების პრინციპზეც: მაგალითად მეფუტკრეობის პროგრამის მონაწილეებს 70%-ით ვაფინანსებთ, მაგრამ იმისათვის, რომ კოოპერატივი მეფუტკრეობის პროგრამაში ჩაერთოს, მთაში სულ ცოტა, 30 სკა, ხოლო ბარში - 60 სკა მაინც უნდა ჰყავდეს. ვინც ამ და სხვა კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს, პროგრამაში ჩართვას თავისუფლად შეძლებს. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ 2014 წლის 1 იანვრიდან დღემდე, ყველაფერი ევროკავშირის რეკომენდაციით განხორციელდა და რადგან კოოპერაცია ევროპაში წარმატებული და აპრობირებული სისტემააა, დიდი იმედი გვაქვს, რომ ის ჩვენთანაც გაამართლებს. ახლა მექანიზაციის პროგრამა იწყება და ვინც ამ პროგრამაში დარეგისტრირდება, მათი 30%-იანი სუბსიდირება იგეგმება. მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებთათვის სუბსიდირების დონე კიდევ უფრო მაღალია და 40%-ს შეადგენს.

-თუ გამოყოფდით ყველაზე აქტიურ და პასიურ რეგიონებს, სადაც კოოპერატივების რაოდენობა მცირეა?

- ყველაზე აქტიური სამცხე-ჯავახეთის რეგიონია, სადაც 369 კოოპერატივი მოქმედებს. თუ კოოპერატივების რაოდენობის მიხედვით ვიმსჯელებთ, ყველაზე პასიური რეგიონი გურიაა, სადაც ჯერ მხოლოდ 60 კოოპერატივია შექმნილი. იქ მათი რიცხვი მცირეა, მაგრამ თუ მოსახლეობის რაოდენობას და სოფლის მეურნეობის განვითარების დონეს გავითვალისწინებთ, მაშინ სულ სხვა სურათს მივიღებთ. კახეთში და სამცხე-ჯავახეთში სულ სხვა შესაძლებლობებია სოფლის მეურნეობაში და გურიაში - სულ სხვა.

- რეგისტრირებული კოოპერატივების სიის მიხედვით, ყველაზე მცირე რაოდენობით კოოპერატივი თბილისში შექმნილა - მათი რიცხვი მხოლოდ 50-ია. რას ნიშნავს ეს?

- ეს მხოლოდ იურიდიული მისამართია. მოგეხსენებათ, თბილისის გარშემო არსებული სოფლები თბილისზეა მიწერილი, სწორედ ამიტომ, რეგისტრირებული კოოპერატივების სიაში ჩვენი დედაქალაქიც მოხვდა.

ხათუნა ჩიგოგიძე