იმერეთში ლურჯი მოცვის ბაღი გაშენდა

შპს „აგრო+“-მა პროგრამა „დანერგე მომავალის“ ფარგლებში იმერეთის რეგიონში ლურჯი მოცვის ბაღი გააშენა.

როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში განაცხადეს, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს პროგრამის „დანერგე მომავალის“ მენეჯერმა ლევან დოლიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, წყალტუბოს რაიონში, სოფელ გუბისწყალში დაათვალიერა პროგრამაში მონაწილე ერთ-ერთი ბენეფიციარის, შპს „აგრო+“ ბაღი, რომელიც პროგრამაში 2015 წელს ჩაერთო და 8.4 ჰექტარზე ლურჯი მოცვის ბაღის გაშენებისთვის და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის 100 000 ლარის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო. მიღებული დაფინანსებიდან 90,038 ლარი ნერგებისთვის, ხოლო 9,961 ლარი წვეთოვანი სისტემებისთვის იყო განკუთვნილი.

მათივე ინფორმაციით, პროგრამის „დანერგე მომავალის“ ფარგლებში იმერეთის რეგიონში სულ 86.2 ჰა მიწის ფართობზე გაშენდა მრავალწლიანი კულტურის სხვადასხვა ხეხილის ბაღი, ხოლო გაცემულმა დაფინანსებამ შეადგინა 454 055 ლარი. ახალი ხეხილის ბაღების გაშენებისა და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით გაშენებელი ფართობი დღეის მონაცემებით შეადგენს 1 519 ჰექტარს, ხოლო დაფინანსების მოცულობა 7,8 მილიონ ლარს აღემატება.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ პროგრამის „დანერგე მომავალი“ განხორციელება 2015 წლიდან დაიწყო. მისი მიზანია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში (თბილისის, რუსთავის, ბათუმის, ქუთაისის და ფოთის გარდა) სასოფლო-სამეურნეო მიწების მიზნობრივი გამოყენების ზრდის მაქსიმალური ხელშეწყობა, მრავალწლოვანი ბაღების გაშენება და სანერგე მეურნეობების მოწყობა.

პროგრამის „დანერგე მომავალის“ ფარგლებში სახელმწიფო თანადაფინანსების მოცულობა ბაღის გაშენების შემთხვევაში - ნერგების ღირებულების 70%-ს და წვეთოვანი სარწყავი სისტემის ღირებულების 50%-ს; სანერგე მეურნეობის შემთხვევაში - მეურნეობის შექმნის ღირებულების 50 %-ს შეადგენს.

მათივე ცნობით, პროექტის „დანერგე მომავალი“ განხორციელებისთვის 2016 წლის განმავლობაში 5 მილიონი ლარი დაიხარჯება. პროგრამის ფარგლებში თანამედროვე ტიპის ბაღის და სანერგე მეურნეობის მოწყობა, ხელს შეუწყობს, ერთი მხრივ, ადგილობრივ ბაზარზე იმპორტ-ჩანაცვლების, ხოლო, მეორე მხრივ, საექპორტო პოტენციალის ზრდის პროცესს.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო 2013 წლიდან მასშტაბურ პროექტებს ახორციელებს, რომლებიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას.