თბილისის საბავშვო ბაღების კვებით მომსახურებას კომპანია ”ელფი” განახორციელებს

თბილისის საბავშვო ბაღების კვებით მომსახურებას კომპანია ”ელფი” განახორციელებს. როგორც ჟურნალისტებს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ განუცხადა, სიახლე მიზნად ისახავს თბილისის საჯარო ბაღებში ბავშვთა კვების უფრო მაღალ სტანდარტზე აყვანას.

”თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ ბაღის აღსაზრდელთა კვების უზრუნველყოფის მომსახურების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ელექტრონულ პროცედურაში კომპანია ”ელფმა” გაიმარჯვა. ტენდერის პირობების თანახმად თბილისის ყველა საბავშვო ბაღის კვებით მომსახურებას სწორედ აღნიშნული კომპანია გაუწევს, რაც ბაღებს ათეულობით სხვადასხვა კომპანიასთან ურთიერთობის ვალდებულებისგან გაათავისუფლებს.

კომპანია ”ელფი” უზრუნველყოფს ISO 9001-2008-ისა და HACCP-ის სტანდარტის დანერგვას თბილისის მასშტაბით არსებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების კვებითი მომსახურების პუნქტებში და აღსაზრდელების სამჯერადი კვებით მომსახურებას, მენიუს შესაბამისად, კალორაჟის დათვლით”, -განაცხადა თემურ თორდინავამ.