მითები iPhone 7-ის შესახებ

გასულ კვირას Apple-ის ახალი პროდუქტის ირგვლივ გამოწვეულმა აჟიოტაჟმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა.

iPhone 7-ისა და iPhone 7plus-ის გაყიდვები საქართველოში 16 სექტემბრიდან დაიწყება. მართალია, საქართველოს მოსახლეობას ახალი iPhone 7 ჯერ საკუთარი თვალით არ უნახავს, მაგრამ სოციალურ ქსელში მის შესახებ მითქმა-მოთქმა არ წყდება.

მაგალითად, გუშინ ჩემი ერთი "ფეისბუქმეგობარი" მეორეს უმტკიცებდა, რომ ახალი iPhone 7-ით შეუძლებელი იყო სელფის გადაღება, რასაც კომენტარებში გაბრაზებული მომხმარებლების რისხვა მოსდევდა...

ჩემი მეგობარი კი ორი დღეა დაჟინებით მიმტკიცებს, რომ ახალი აპარატით შეუძლებელია მოუსმინო მუსიკას ყურსასმენებით, როდესაც იგი იმუხტება.

საზოგადოებაში შექმნილი კითხვებიდან რამდენიმე ყველაზე საინტერესოს მოვუყარეთ თავი და კომპანია itechnic-ის წარმომადგენელს ვთხოვეთ აეხსნა, გავრცელებული მოსაზრებებიდან რომელი იყო მითი და რომელი რეალობა.

მითი 1

iPhone 7 არ იღებს „სელფს“, ანუ არ აქვს შიდა კამერა

სინამდვილეში: iPhone 7-ს შიდა კამერა ნამდვილად აქვს, რომელიც 7MP სურათებს იღებს.

მითი 2

iPhone 7-ს არ აქვს დატანილი Apple-ის ლოგო

სინამდვილეში: სოციალურ ქსელში გავრელებულ ამ ინფორმაციას საერთო არაფერი აქვს სინამდვილესთან. პრეზენტაციაზე, რომელიც სან-ფრანცისკოსთან პარალელურ რეჟიმში საქართველოშიც მიმდინარეობდა, ყველამ კარგად დაინახა, რომ ტელეფონს უკანა მხარეს Apple-ის ლოგო ჰქონდა.

მითი 3

სმარტფონის ეკრანი ძალიან სუსტია და ისევ ადვილად მსხვრევადია

სინამდვილეში: ახალი აიფონის ეკრანი საკმაოდ გამძლეა და მის წინა მოდელთან შედარებით ბევრად მყარია. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ახალი ეკრანი 25%-ით უფრო მკვეთრია, ვიდრე მისი წინამორბედის ეკრანი.

მითი 4

სმარტფონის ელემენტი გამძლე არ არის

სინამდვილეში: რეალურად ელემენტი იმავე მოცულობის აქვს, რაც iPhone 6S-ს ჰქონდა, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ პროცესორი აქვს გაუმჯობესებული, ის 2/3-ით ნაკლებ ენერგიას მოიხმარს, ვიდრე ძველი A9 ჩიპი. აქედან გამომდინარე, ელემენტი 2 საათით უფრო მეტხანს ძლებს.

მითი 5

ყურსასმენებს ვერ გამოვიყენებთ მაშინ, როცა ტელეფონი იტენება

სინამდვილეში: ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ახალი ყურსასმენი, რომელიც უკაბელოდ უკავშირდება ტელეფონს და პარალელურად დავტენოთ ტელეფონი.

მითი 6

ტელეფონს სჭირდება სხვა ფორმის სიმ-ბარათი, რომელიც კიდევ ერთი პრობლემაა

სინამდვილეში: ტელეფონს სჭირდება იმავე ზომის ნანო სიმ-ბარათი, რომელიც სჭირდებოდა iPhone 6S/6/SE/5S/5 და 5c-ს.

მითი 7

AppleWatch-ით არ არის შესაძლებელი დამოუკიდებლად მუსიკის მოსმენა

სინამდვილეში: Apple Watch-ით შესაძლებელია ტელეფონისგან დამოუკიდებლად მუსიკის მოსმენა.

მითი 8

არ არის შესაძლებელი ტელეფონიდან ელემენტის ამოღება

სინამდვილეში: ელემენტის გამოცვლა ისეთივე პროცედურებით არის შესაძლებელი, როგორც სხვა ნებისმიერ აიფონზე.

კომპანია “აიტექნიკში” განგვიცხადეს, რომ ყოველდღიურად მათ ქოლ-ცენტრსა და Facebook-გვერდზე უამრავი შეტყობინება შედის, რომელიც შეიცავს მსგავს კითხვებს. კომპანიაში განმარტავენ, რომ ახალი პროდუქტის გამოჩენას ყოველთვის თან ახლავს მსგავსი ჭორები, თუმცა რეალობა ისაა, რომ წელს Apple-მა ნამდვილად გადააჭარბა მოლოდინს. ახალ აიფონზე დიდმა მოთხოვნამ უკვე გამოიწვია დეფიციტი და ის შეზღუდული რაოდენობით მიეწოდებათ ქვეყნებს წინასწარი შეკვეთების საფუძველზე.

წყარო AMBEBI.GE