"მიხარია, რომ ჩემს მიერ დამზადებულ ხელნაკეთ ნივთებს ქვეყნის გარეთაც იძენენ"

„ინკა“ - ასე ჰქვია ახალგაზრდა, დამწყები ბიზნესმენის გვანცა კორძახიას კომპანიას, რომლის ამუშავება სულ რაღაც 2 წელია დაიწყო.

„ინკას“ მთავარი პროდუქტი ხელნაკეთი ნივთებია, მათ შორის ყველაზე მთავარი კი DreamCatcher ანუ იგივე „სიზმრების დამჭერი“, რომლებიც ბოლო პერიოდში საქართველოშიც გახდა პოპულარული.

ლეგენდის თანამხად, DreamCatcher ლაკოტას ტომიდან მოდის. როდესაც დედა ობობა გამოეცხადა ერთ-ერთ ბელადს, უთხრა, რომ ტირიფის რგოლებზე ქსელს მოქსოვდა, შემდეგ ამ ნივთს დაკიდებდნენ ბავშვების საწოლის თავზე და ბავშვები ცუდი სიზმრებისგან დაცული იქნებოდნენ.

„დრიმ ქეჩერის“ ყველა დეტალს თავისი მნიშვნელობა აქვს. ქსელი იჭერს სიზმრად ნანახ ცუდ ემოციებს და ასე ვთქვათ - ფილტრავს. ცენტრისკენ მიდის მხოლოდ კარგი მომენტები და ბუმბულებით (იმიტომ, რომ ძალიან მსუბუქია) ის მძინარე ადამიანის ცნობიერებაში ეშვება.

დილის დადგომის და მზის პირველი სხივისთანავე, ქსელში გახვეული ცუდი სიზმრები იწვება.

"ლეგენდაში მოყოლილი ამბის ბევრს სჯერა, ამიტომ მსოფლიოს მასშტაბით "დრიმ ქეჩერი" ძალიან პოპულარულია. ბევრი ადამიანი ოთახის გარდა, "დრიმ ქეჩერს" ყელსაბამად, საყურედ, მანქანის, გასაღების, მობილურის საკიდად ყიდულობს“, - ამბობს გვანცა კორძახია.

როგორც გვანცა ამბობს, თავიდან სიზმრის დამჭერის გამოწერა უცხოური საიტიდან გადაწყვიტა, მაგრამ რადგანაც ძვირი უჯდებოდა, გადაწყვიტა თავად დაეწყო ნივთების გაკეთება.

„ვიღაცის გაკეთებულში დიდი ფულის გადაყრას, ჩემი ხელით შექმნილი მერჩია. პირველი ნიმუში რომ გავაკეთე, მეგობარმა მაიძულა კიდევ რამდენიმე ვარიანტი გამეკეთებინა და გასაყიდად მომემზადებინა. იდეამ და მოწოდებამ გაამართლა. 2014 წლის დეკემბრის დასაწყისში დავიწყეთ გაყიდვები, საახალწლოდ უკვე ბევრი შეკვეთა იყო, ძირითადად სასაჩუქრედ ყიდულობდნენ, „საიდუმლო სანტები“ განსაკუთრებით აქტიურობდნენ.

ამ ეტაპზე მხოლოდ შეკვეთებზე ვმუშაობ, ადრე მაღაზიებშიც ვაბარებდი, ასევე madeheart.com თან ვთანამშრომლობ, რომელიც უკრაინული საიტია და „ამაზონის“ მსგავსია. რამდენიმე ნივთი გაიყიდა გერმანიაში და საფრანგეთში. ძალიან მაგარია და მიხარია, რომ ასეთი ქვეყნებიდან საქართველოში დამზადებულ ნივთებს ირჩევენ და მზად არიან გადაიხადონ ნებისმიერი ოდენობის თანხა“, - ამბობს დამწყები ბიზნესმენი.

გვანცა კორძახიას მიერ დამზადებული „სიზმრის დამჭერები“ იმდენად პოპულარული გახდა, რომ გადაწყვიტა სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთების დამზადებაც დაეწყო - ლამაზად მოპირკეთებული სარკეები, თმის აქსესუარები, სამაჯურები, რომლებიც განსხვავებული და ინდივიდუალურია.

„მინდა „ინკა“დავამკვიდრო როგორც ბრენდი, სამკაულები იყოს სინთეზი ტანსაცმელთან და „ქეჩერებზე“ ყველას „ინკას“ ასოციაცია მოსდიოდეს. ბოლო პერიოდში ქორწილების გაფორმებასაც მივყავი ხელი. ანუ „ქეჩერების“ კუთხე რომ იყოს ბუნებაში დადგმულ ქორწილებში. ამას გარდა, მონაწილეობას ვიღებ „ბიზნესდაჯილდოება 2016“-ში, მინდა ბევრმა გაიგოს „ინკას“ შესახებ და ხალხმა ეს ხალნაკეთი, შეიძლება ბევრისთვის უბრალო ნივთები, შეიყვაროს“, - აღნიშნავს დამწყები ბიზნესმენი.

თეა ბეჟიტაშვილი