11 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაუკანონდა

ქალაქ ბათუმის იუსტიციის სახლში 11 ეკომიგრანტი ოჯახისთვის საცხოვრებელით უზრუნველყოფის ფარგლებში ხელშეკრულების გაფორმების ცერემონიალი გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს, ღონისძიებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლევან გორგილაძე, მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების წევრები დაესწრნენ.

„ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამას“ აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო წელს პირველად ახორციელებს. პროგრამის ბიუჯეტი 3 000 000 ლარს შეადგენს. პროგრამით გათვალისწინებულია 115 საცხოვრებელი სახლის/ბინის შეძენა. პროგრამა თანადაფინანსებით ხორციელდება, თითოეულ ოჯახზე 25 000 ლარია გათვალისწინებული.

პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამის გარდა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, ეკომიგრანტ ოჯახებს დახმარებას რამდენიმე მიმართულებით სთავაზობს. „სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის“ რეკომენდაციით, ეკომიგრანტ ოჯახებს ბინები სოციალურ სახლებში გადაეცემათ.

2013-2016 წლებში საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში 211 ოჯახს გადაეცა: ამავე კომისიის რეკომენდაციით, 2013-2016 წლებში 1 679 ოჯახს აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ფინანსური დახმარება - 2,863,704 ლარის ოდენობით გამოეყო. თითოეულს საცხოვრებელი სახლის მშენებლობა-გადატანა-აღდგენისათვის - არაუმეტეს 15 000 ლარის ფარგლებში.