საწარმო „ლეგომეტალში“ დამზადებული ნახევარფაბრიკატები ექსპორტზე ევროკავშირში და იაპონიაში გადის

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში დაარსებული კიდევ ერთი საწარმო დაათვალიერა.

როგორც ეკონომიკის სამინისტროში განაცხადეს, ჯართისა და ალუმინის ნახევარფაბრიკატების დამამზადებელი საწარმო „ლეგომეტალი“ 100%-ით ექსპორტზე ორიენტირებულია და მის ძირითად სამიზნე ბაზრებს ევროკავშირის ქვეყნები და იაპონია წარმოადგენს.

დიმიტრი ქუმსიშვილი გაწეულ სამუშაოებს გაეცნო და კომპანიის ხელმძღვანელობისგან სამომავლო გეგმები მოისმინა. პროექტის ფარგლებში, კომპანიამ შექმნა ახალი, მაღალტექნოლოგიური საწარმო, რომელიც შეისყიდის ადგილობრივ ბაზარზე ფერადი ლითონის ჯართს, ალუმინის ჯართის სახით და საწარმოო პროცესის შედეგად, ბაზარს აწვდის მაღალხარისხიან პროდუქტს, ალუმინის ზოდების ან დე-ოქსიდანტის სახით. საწარმო, სადაც ამჟამად 40 ადამიანია დასაქმებული, სამომავლოდ სპილენძისა და ლატუნის გადამამუშავებელი საწარმოს შექმნასაც გეგმავს.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საწარმოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამასთან თანამშრომლობის შედეგად, მიღებული იქნა სწორედ ის შედეგი, რისთვისაც იგი შეიქმნა.

„ერთი წლის წინ ამ ადგილას იყო მდელო, ახლა კი 2000 კვ/მ-ზე მდებარეობს უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი საწარმო, რომელიც ქმნის დამატებულ ღირებულებას და ადამიანებს ასაქმებს“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მისი თქმით, საწარმოს გეგმებშია ახალი საწარმოო ხაზის გახსნა და არა ნახევარფაბრიკატის, არამედ საბოლოო პროდუქციის გამოშვება.

შპს „ლეგომეტალი“ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს. პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ მეწარმეობის განვითარების სააგენტო განახორციელებს. სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 1,480,000 აშშ დოლარს შეადგენს. კომპანია უკვე საკუთარი ნაწარმით მსოფლიოს ცნობილ ბრენდს, ავტომობილების მწარმოებელ კომპანიას “ტოიოტა“ ამარაგებს.