გიორგი კვირიკაშვილი -  საქართველო უკვე არის ერთ-ერთი ლიდერი გადასახადების დაბალი მაჩვენებლების მხრივ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიის მონაწილეებს ქვეყანაში გასატარებელი რეფორმების შესახებ მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმა გააცნო.

როგორც პრემიერმა სესიაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, მთავრობამ წელს დაიწყო რეფორმების ოთხპუნქტიანი სამოქმედო გეგმის განხორციელება, რომელიც გულისხმობს ქვეყნის სწრაფ განვითარებას, რაც „საქართველოს თითოეული მოქალაქის ცხოვრების დონეზე აისახება, ასევე - რეგიონში განვითარებისა და სტაბილურობის ხელშეწყობას“.

„გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული ინსტიტუტების მქონე ეფექტიანი მმართველობა არსებითია მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების შექმნისა და მდგრადი განვითარებისთვის. ჩვენ შევჩერდით მდგრადი განვითარების მე-16 მიზანზე და პრიორიტეტად დავისახეთ ეფექტიანი მმართველობა, რითაც მკვეთრად გავემიჯნეთ წარსულს. ორი დღის წინ ჩემმა ქვეყანამ, ესტონეთთან, კორეის რესპუბლიკასა და გაეროს განვითარების პროგრამასთან ერთად, უმასპინძლა მაღალი რანგის სპეციალურ ღონისძიებას, რომელზეც ერთმანეთს გავუზიარეთ მდგრადი განვითარების მე-16 მიზანთან დაკავშირებული წარმატების მაგალითები. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ და გავუზიაროთ გამოცდილება ტრანსფორმაციის გზაზე მყოფ ქვეყნებს.

ქვეყნის შიგნით ჩვენ მიზნად ვისახავთ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მაქსიმალურად ჩავრთოთ ყველა დაინტერესებული მხარე. ჩვენ შევქმენით სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის წამომადგენლებთან დიალოგის რამდენიმე პლატფორმა.

ეფექტიანი მმართველობის განსამტკიცებლად ჩვენი მიზანია საჯარო მომსახურება კიდევ უფრო მარტივად ხელმისაწვდომი გავხადოთ ბიზნესისთვის. სწორედ ამიტომ დავიწყეთ საქართველოს დედაქალაქში - თბილისში „ბიზნესსახლის“ პროექტი. ინტერნეტის პლატფორმასთან ერთად, ბიზნესისთვის შეიქმნება ერთი ფანჯრის პრინციპით მოქმედი ფრონტოფისი, რომელიც თავს მოუყრის ყველა სახელმწიფო სტრუქტურას“, - განაცხადა პრემიერმა.

ამასთან, გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ეფექტიანი მმართველობისთვის არსებითია სამართლიანი და ეფექტიანი საგადასახადო სისტემა.

„მართალია, საქართველო უკვე არის ერთ-ერთი ლიდერი გადასახადების დაბალი მაჩვენებლების მხრივ, მაგრამ ჩვენ დღესაც ვაგრძელებთ გადასახადების შემდგომ ლიბერალიზაციას. იმისთვის, რომ ბიზნესმა განახორციელოს ინვესტიციები განვითარებაში და ამით შექმნას ახალი სამუშაო ადგილები, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება დივიდენდების სახით გაუნაწილებელი მოგების გადასახადის გაუქმებასთან დაკავშირებით.

მართალია, ეს რეფორმა მნიშვნელოვან ხარჯებთან არის დაკავშირებული, მაგრამ ის უზრუნველყოფს ბიზნესისა და სამუშაო ადგილების გრძელვადიან მდგრადობას.

გარდა ამისა, ჩვენ ვაუმჯობესებთ გადასახადების ადმინისტრირების სისტემას, რისთვისაც ვაძლიერებთ მართლმსაჯულების როლს საგადასახადო ინსპექციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებისას, რაც გაზრდის კერძო სექტორის დაცულობის ხარისხს“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, საქართველოს პოზიციები ბევრი მიმართულებით განუხრელად უმჯობესდება.

„1. მსოფლიო ბანკის ანგარიშის თანახმად, რომელიც სულ ახლახან გამოქვეყნდა, 2012-2014 წლებში სიღარიბის დონე საქართველოში 10 პროცენტით შემცირდა. ქვეყნისთვის, რომლის მოსახლეობაც 4 მილიონზე ნაკლებია, ეს დიდი მიღწევაა.

2. 2015 წელს უმუშევრობის დონე კიდევ უფრო დაეცა და მიაღწია ყველაზე დაბალ ნიშნულს ბოლო 12 წელიწადში. ხელფასებისა და ანაზღაურების ოდენობა მნიშვნელოვნად მეტია დღეს, ვიდრე ეს იყო სულ რამდენიმე წლის წინ.

3. მიუხედავად ჩვენ გარშემო მიმდინარე კრიზისისა, საქართველოს ეკონომიკა განაგრძობს ზრდას, ხოლო პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვნად გაზრდილია - თითქმის 100 პროცენტით 2012 წელთან შედარებით. ყოველივე ეს კი გამოიხატება უშუალოდ ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში.

დღეს საქართველო მეოთხე ადგილზეა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ბიზნესის წარმოების სიმარტივის კატეგორიაში და მზად არის იქცეს დამწყები ბიზნესისათვის ყველაზე ხელსაყრელი პირობების მქონე ქვეყნად.

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ჯერ არ ყოფილა ამდენი შესაძლებლობა, რომელიც ხელმისაწვდომია ახალი ბიზნესის წამოწყებისა თუ არსებულის განვითარების მსურველი ადამიანებისთვის. მეწარმეობის სულისკვეთების მქონე მოქალაქეებს დღეს წარმატების მეტი შესაძლებლობა აქვთ, ვიდრე ოდესმე.

ჩვენ წამოვიწყეთ რამდენიმე პროექტი, რომლებიც მიზნად ისახავს ინოვაციური იდეების მქონე ადამიანებისთვის, განსაკუთრებით საქართველოში წარმოებითა და ფერმერობით დაინტერესებული პირებისთვის, ინფრასტრუქტურასა და ფინანსებზე წვდომას“, - დასძინა კვირიკაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევა და მტკიცე ინკლუზიური საზოგადოების შექმნა მოითხოვს ქვეყნის ჯერ კიდევ არასრულად რეალიზებული რესურსის - მისი ხალხის აქტივაციას.

„შესაბამისად,განათლება ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ჩვენ შევცვალეთ ჩვენი განათლების სისტემა ისე, რომ მან სარგებელი მოუტანოს ყველა მოქალაქეს და, ზოგადად, საზოგადოებასა და ეკონომიკას. ჩვენი მიზანია, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ყველა პროფესიული თუ უმაღლესი განათლების ინსტიტუტის კურსდამთავრებულმა თავისი ადგილი იპოვოს კონკურენტულ შრომის ბაზარზე. ჩვენ გვჭირდება კონკურენტუნარიანი განათლების სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს არა მხოლოდ ქართველი, არამედ უცხოელი სტუდენტების ცოდნის მაღალ ხარისხს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

აღნიშნულ კონტექსტში მან გაეროში ტექნოლოგიური უნივერსიტეტების მშენებლობის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ წელს დაიწყო ორი ახალი კერძო ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა, რომლის სავარაუდო ღირებულება შეადგენს ერთ მილიარდ ევროს.

„მალე ჩვენ სტუდენტებს შევთავაზებთ რეგიონში საუკეთესო შესაძლებლობებს“, - დასძინა პრემიერმა.