ხევი-არგვეთას მონაკვეთის დეტალური პროექტის მომზადება იწყება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, E60 ავტომაგისტრალის, ხევი-უბისა-შორაპანი-არგვეთას მშენებლობისთვის დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას იწყებს.

როგორც  რეგიონული განვითარებისა და იფრასტრუქტურის სამინისტროში განაცხადეს, ხევი-არგვეთას მონაკვეთის მშენებლობისთვის დეტალური პროექტის, სატენდერო დოკუმენტაციის, გარემოზე ზემოქმედების შეფასებისა და მიწის შესყიდვისა და განსახლების დეტალური გეგმის მოსამზადებლად სატენდერო წინადადებების მიღება დასრულდა.

”სატენდერო წინადადება ხუთმა კომპანიამ შემოიტანა. შემდგომ ეტაპზე მოხდება მიღებული წინადადებების შეფასება და გამოვლინდება გამარჯვებული კომპანია, რომელმაც მოცემული დავალების შესრულება 12 თვეში უნდა უზრუნველყოს. აღნიშნული სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 9 მილიონი აშშ დოლარია და ”აზიის განვითარების ბანკი” აფინანსებს”, - აცხადებენ სამინისტროში.

ხევი-არგვეთას მონაკვეთის სიგრძე 42 კილომეტრია და ის ერთ-ერთი ურთულესი მონაკვეთია. რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მოდერნიზება უმნიშვნელოვანესია საგზაო ქსელის განვითარებისა და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის კუთხით. ამ მონაკვეთის მშენებლობა ხელს შეუწყობს ჩქაროსნული გზის გამტარუნარიანობის გაზრდას, ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების დონის ამაღლებას, სატრანზიტო ტვირთბრუნვის გაზრდას და მგზავრობის დროის შემცირებას.