საქსტატის მონაცემებით 2015 წელს ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 13,8%-ით გაიზარდა

საქსტატი 2015 წლის საწარმოთა საქმიანობის შედეგებს აქვეყნებს. გამოქვეყნებული შედეგების თანახმად, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2015 წელს გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 13,8%-ით გაიზარდა და 57,0 მილიარდი ლარი შეადგინა.

ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2015 წელს მისი მოცულობა 30,0 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც 15,1%-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. 2015 წელს მთლიანი ბრუნვის 82,5% მოდის მსხვილ ბიზნესზე, 8,4% - საშუალო, ხოლო 9,1% - მცირე ბიზნესზე ნაწილდება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ოდნავ განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში. მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 80,4%, საშუალო ბიზნესზე - 9,7%, ხოლო მცირე ბიზნესზე - 9,9%.

მათივე ინფორმაციით, საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 2015 წლის განმავლობაში 41,2 მლრდ ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.7%-ით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა - 26,0 მლრდ ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4,5 %-ით მეტი). დასაქმებულთა საშუალო რაოდენობამ 626,7 ათასი კაცი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 5,8%-ით აღემატება. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 39.3% ქალია, ხოლო 60,7% - კაცი.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 56,9% მსხვილ ბიზნესზე მოდის, 16,1% - საშუალო, ხოლო დარჩენილი 27,0% - მცირე ბიზნესზე.

დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 584,5 ათასი კაცი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით - 3,3%-ით მეტია, საწარმოთა მთლიანმა დანახარჯებმა კი პერსონალზე - 6329,6 მლნ ლარი. (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15,7 %-ით მეტი).

2015 წელს საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 896,8 ლარს გაუტოლდა, რომელიც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 96,3 ლარით არის გაზრდილი.

2015 წელს ბიზნეს სექტორის ბრუნვის სტრუქტურაში 46,9% მოდის ვაჭრობის დარგზე (ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტის ჩათვლით). მეორე ადგილს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა - 11,7%-იანი წილით. შემდეგ მოდის ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა - 10,4%-იანი წილით და მშენებლობა - 9,3%-იანი წილით, ხოლო დარჩენილი 21,7% - სხვა დარგებზე ნაწილდება:

2015 წელს ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვებაში უდიდესი წილი (21,9%) დამამუშავებელი მრეწველობის დარგს ეკავა. მეორე და მესამე ადგილებს მშენებლობა (18,5%) და ვაჭრობა (16,7%) იკავებდა. შემდეგ მოდის ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა - 13,9%-იანი წილით, ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა - 8,5%-იანი წილით, ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში 20,5 პროცენტიანი წილი უჭირავს.

2015 წელს დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით ბიზნეს სექტორში ვაჭრობის (ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტის ჩათვლით), დამამუშავებელი მრეწველობის და მშენებლობის დარგები ლიდერობენ (შესაბამისად 25,0%, 14,2% და 11,2%-იანი წილებით). თუმცა სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის (9,8%) მოდის, ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების (9,8%) და უძრავი ქონებით ოპერაციების, იჯარისა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევის დარგის საწარმოებზეც (9,8%).

იხილეთ ვიდეო PALITRATV-ზე