დიმიტრი ქუმსიშვილი - ფონდის პროექტები მომავალში 2500 მუდმივ სამუშაო ადგილს შექმნის

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის პრეზენტაციას“ დაესწრო.

როგორც ეკონომიკის სამინისტროში განაცხადეს, პრეზენტაციაზე ითქვა, რომ 680 მლნ აშშ დოლარი 8 მასშტაბური პროექტისთვის დაიხარჯება, რომლებიც თბილისში, გურიაში, აჭარასა და სამეგრელოში განხორციელდება. „საქართველოს თანაინვესტირების ფონდის“ მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, აღნიშნული ფონდი ტურიზმის განვითარებაზე ორიენტირებული პროექტებისთვის შეიქმნა. ფონდის პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ესწრებოდა.

„ტურიზმი არის ჩვენი ეკონომიკის ძალიან ტრადიციული, ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორი და ძალიან სასიხარულოა, როდესაც „თანაინვესტირების ფონდი“, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინვესტორი ჩვენს ქვეყანაში, იღებს გადაწყვეტილებას ჩამოაყალიბოს „ტურიზმის განვითარების ფონდი“, სადაც უკვე დღეს დაწყებული პროექტების მოცულობა 680 მილიონი დოლარია. ეს პროექტები მომავალში შექმნის 2500 მუდმივ სამუშაო ადგილს და მშენებლობის პროცესში - 20 ათას სამუშაო ადგილს“, - განუცხადა ჟურნალისტებს დიმიტრი ქუმსიშვილმა.

პირველი ვიცე-პრემიერის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია გადაწყვეტილებები ხარისხის ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით და სასტუმროების მართვის კომპანიის ჩამოყალიბების მიმართულებით.

„დღეს „თანაინვესტირების ფონდმა“ და „ტურიზმის განვითარების ფონდმა“ შექმნეს სასტუმროების მართვის კომპანია, რომელიც უკვე ლიცენზირებულია „მარიოტების ქსელის“ მხრიდან, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ კომპანიას აქვს ყველანაირი შესაძლებლობა, დამატებით გაუწიოს კონსულტაციები იმ კომპანიებს, რომლებსაც უნდათ შესვლა სასტუმრო ბიზნესში, რომლებსაც უნდათ ხარისხის ინფრასტრუქტურაზე კონსულტაცია და მთლიანად ამ მიმართულების განვითარება“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ეკონომიკის სამინისტრო „საქართველოს თანაინვესტრირების ფონდის“ ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ დასახელებული 8 პროექტიდან სამ კომპლექსში უკვე შემოსულია “მარიოტის” საერთაშორისო ქსელის უმაღლესი კატეგორიის ბრენდი Autograph Collection. ეს პროექტებია სასტუმრო „თავისუფლების მოედანზე“, სასტუმრო „სოლოლაკსა“ და სასტუმრო „შეკვეთილში“.

როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, შენდება უმაღლესი კლასის, არქიტექტურულად უპრეცენდენტო სამსაფეხუროვანი კომპლექსი, რომელიც მოიცავს მრავალფუნქციურ კომპლექსებს „თავისუფლების მოედანთან“, სოლოლაკის ქედზე და თაბორის მთაზე. პროექტებს შორის არის ასევე განმუხურში 190 ნომრიან სასტუმრო და 100 ჰექტარზე მეტი ფართის მქონე ბოტანიკური ბაღი, რომლის პრეზენტაციაც განმუხურში რამდენიმე დღის წინ შედგა.

როგორც „ტურიზმის განვითარების ფონდის“ პრეზენტაციაზე აღინიშნა, ფონდის დაარსების მიზანია ქვეყანაში ტურისტული ინფრასტრუქტურის სწრაფი განვითარების ხელშეწყობა და კონკრეტული პროგრამების განხორციელება ტურიზმში ჩართული კომპანიების მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად, რისთვისაც დაგეგმილია რეგიონალური ტრენინგ-ცენტრების შექმნა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და ტურიზმის სფეროში ჩართული ადგილობრივი მოსახლეობის გადამზადება.

ფონდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მისიაა ტურისტული მიზიდულობის ახალი ცენტრების შექმნა და დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა ეკონომიკურად ნაკლებად აქტიურ რეგიონებში.

მათი ინფორმაციით, ამის კარგი მაგალითია ფონდის პროექტები განმუხურსა და შეკვეთილში.