დავით ზურაბიშვილი და ალეკო ელისაშვილი თბილისის მერს ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე ცენტრალური პარკის მოწყობის ინიციატივით მიმართავენ

თბილისის საკრებულოს დეპუტატები დავით ზურაბიშვილი და ალეკო ელისაშვილი თბილისის მერს ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე ე. წ. თბილისის ცენტრალური პარკის მოწყობის ინიციატივით მიმართავენ , - აღნიშნულთან დაკავშირებით საკრებულოს წევრებმა განცხადება დღეს თბილისის საკრებულოში პრესკონფერენციაზე გააკეთეს.

როგორც პრესკონფერენციაზე საკრებულოს ფრაქცია „რესპუბლიკელების“ წევრმა დავით ზურაბიშვილმა განაცხადა, საზოგადოებიდან წამოსულია ინიციატივა იმასთან დაკავშირებით, რომ ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე შეიქმნას დასასვენებელი ზონა ე.წ. თბილისის ცენტრალური პარკი.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს მართლაც საინტერესო და კარგი ინიციატივაა, რადგან თბილისში თუ რაიმე სერიოზული დეფიციტი არის, ეს არის პარკების, რეკრეაციული ზონის სერიოზული დეფიციტი. ვფიქრობთ, რომ შესაბამისი პოლიტიკური ნების შემთხვევაში ამის განხორციელება შესაძლებელია და გარკვეული ნაბიჯები უნდა გადაიდგას. ვფიქრობთ ასევე, რომ იპოდრომის ტერიტორიასთან ერთად ამ კონტექსტშივე უნდა იყოს მოაზრებული ზოოპარკი, ვერეს ხეობის ტერიტორია, სადაც წყალდიდობა იყო. თბილისის ცენტრში რეკრეაციული ადგილების შექმნა საშური ინიციატივაა და ჩვენ ამას ვუერთდებით“, - განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, ამ მიზნით, ისინი წერილობით მიმართავენ დედაქალაქის მერს.

პრესკონფერენციაზე დავით ზურაბიშვილმა და ალეკო ელისაშვილმა ამ მიმართვაზე ხელმოწერებიც გააკეთეს.

ალეკო ელისაშვილის თქმით, ყოფილი იპოდრომის ტერიტორიას „რეკრეაციული ზონა ერთის“ სტატუსი აქვს, მაგრამ იმის გამო, რომ საბურთალოსა და ვაკის ტერიტორიები ძლიერ არის განაშენიანებული, არსებობს საფრთხე, რომ ამ რეკრეაციულ ტერიტორიაზე გაჩნდეს მშენებლობები.