ამბროლაურის აეროპორტში ახალი 1,100-მეტრიანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი გაიხსნა

პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის შეფასებით, „აეროპორტი შექმნის ახალ შესაძლებლობებს რაჭის განვითარებისთვის“.

როგორც ეკონომიკის სამინისტროში განაცხადეს, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და პირველი ვიცე-პრემიერი იმ საჰაერო ხომალდის მგზავრები იყვნენ, რომელიც ახლადგახსნილ ასაფრენ ბილიკზე პირველად დაეშვა. 1,100-მეტრიან ასაფრენ-დასაფრენ ზოლს, რომლის სიგანე 30 მეტრია, შეზღუდვის გარეშე L410 (19-ადგილიანი) ტიპის საჰაერო ხომალდების მიღება შეეძლება.

„ამბროლაურში აეროპორტის აშენების ინიციატივა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ეკუთვნოდა და დღეს ეს ინიციატივა უკვე ხორცშესხმულია“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მისი თქმით, დაახლოებით ერთი თვის წინ, პირველ სექტემბერს აღნიშნული ინფრასტრუქტურული ობიექტის მშენებლობის დაწყების საკითხი საქართველოს მთავრობის სხდომაზე იყო განხილული, დღეს კი ამბროლაურში ექსპლუატაციაში შესულია ასაფრენ-დასაფრენი ზოლი. ქუმსიშვილის განცხადებით, აეროპორტი შექმნის ახალ შესაძლებლობებს რაჭის მოსახლეობისთვის. პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, ამბროლაურში ასაფრენ-დასაფრენი ზოლის ასაშენებლად ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობდა. დიმიტრი ქუმსიშვილმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ ორგანიზაციას, რომლებიც ჩართულნი იყვნენ მშენებლობის პროცესში, მათ შორისაა კომპანია „ბლექსი გრუპი“ და „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის უპრეცენდენტო მოკლე ვადებში განხორციელების მიზნით, მხოლოდ ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის შპს “კომპანია ბლექ სი გრუპის” მიერ ადგილზე მობილიზებული იყო 60 ერთეულამდე სპეცავტოტექნიკა, ასევე დასაქმდა 125 ადამიანამდე, საიდანაც 75 ადამიანი ადგილობრივი მოსახლე იყო. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 10 000 000 ლარზე მეტს შეადგენს. მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება ამბროლაურის აეროპორტის ტერმინალის მშენებლობა, რომელიც გათვლილია 50 მგზავრზე.