ნავთობკომპანია ExxonMobil სასამართლომ 75 მილიარდი დოლარით დააჯარიმა

უმსხვილესი ამერიკული ნავთობკომპანია ExxonMobil ჩადის სასამართლომ დაახლოებით 75 მილიარდი დოლარით დააჯარიმა.

კომპანიას ასევე დაეკისრა 819 მილიონი დოლარის ანაზღაურება როიალტის სახით.

„როიტერის“ ინფორმაციით, ჩადის ფინანსთა სამინისტრომ ნავთობკომპანია ქვეყნისადმი საგადასახადო დავალიანებების გადაუხდელობაში დაადანაშაულა.

„ჩადის სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ვეთანხმებით და აუცილებლად გადავდგამთ საჭირო ნაბიჯებს“, - განაცხადა ნავთობკომპანიის წარმომადგენელმა.

ჩადის სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმა ხუთჯერ აჭარბებს ქვეყნის მშპ-ს, რომელიც მსოფლიო ბანკის შეფასებით 14 მილიარდი დოლარია.

ExxonMobil ნავთობის მილსადენის ოპერატორია, რომლითაც ჩადიდან კამერუნში ნავთობის ტრანსპორტირება ხდება.

ExxonMobil 1999 წელს უმსხვილესი ამერიკული კომპანიების Exxon-ისა და Mobil-ის შერწყმის შედეგად შეიქმნა.