რომან გოცირიძე - ლარი მთავრობას კბილებით უჭირავს და ყველა ღონეს ხმარობს, რომ ხვალამდე არ გაუფასურდეს

საქართველო არჩევნებს ხვდება გაცილებით ღარიბი, ვიდრე 2012 წელს იყო , - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც წინასაარჩევნოდ ქვეყანაში არსებული ვითარება მიმოიხილა და ლარის კურსის გაუფასურება შეაფასა.

რომან გოცირიძის თქმით, წინასაარჩევნო ფონი ქვეყანაში იყო ძალიან მძიმე, ვინაიდან ხელისუფლება არაერთ დარღვევას ახორციელებდა.

„პარტიებს გადაუკეტეს დაფინანსების ყველა წყარო. „ოცნება“ ხარჯავს შავ ფულს ძალიან დიდი რაოდენობით. ფულიანი მაჟორიტარები ჰყავთ დაყენებული. ფინანსური გზები გადაუკეტეს პარტიებს და ზოგიერთი პარტია ჩამოიშალა. დაიწყეს მაჟორიტარების გადაბირება, რაც მთავარია, ხდება ძალადობა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებზე. ყველა ბილბორდი, რომელიც ქალაქის ცენტრალურ უბანში იყო და რომელსაც კამერა არ აკონტროლებდა, არის ჩამოხეული და განადგურებული და საბოლოო დაგვირგვინება ამ ყველაფრისა იყო ტერორისტული აქტი, რომელიც განხორციელდა. ასევე იყო ივანიშვილის შეხვედრა ბიზნესმენებთან, სადაც მან ბიზნესმენებს პირდაპირ უთხრა, რომ მხარი უნდა დაუჭირონ „ქართულ ოცნებას“, დატუქსა ისინი და ა. შ.“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

რაც შეეხება ლარის კურსს, პარტიის წევრი მიჩნევს, რომ მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკა აუცილებლად წინ დაგვხვდება.

„მიუხედავად მთავრობის არაერთი განცხადებისა, რომ ქვეყანაში ეკონომიკურად ყველაფერი კარგადაა, ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში საკმაოდ მძიმე ვითარება შეიქმნა ფულად საკრედიტო ბაზარზე, ლარი მთავრობას კბილებით უჭირავს და ყველა ღონეს ხმარობს, რომ ხვალამდე არ გაუფასურდეს. ეროვნული ბანკი ახორციელებს დიდძალ ინტერვენციას, ბოლო ერთი თვის განმავლობაში უკვე გაიყიდა 160 მილიონი დოლარი და ბოლო ორ კვირაში განხორციელდა 120 მილიონი დოლარის ფარგლებში ინტერვენცია. არ არის გამორიცხული, დღესაც შეატყობინოს ბიზნესს ეროვნულმა ბანკმა, რომ აპირებს დოლარის გამოტანას ორშაბათისთვის, რომ ლარი დაამშვიდოს და შექმნას ლარის სტაბილურობის ილუზიები“, - აღნიშნა რომან გოცირიძემ და დასძინა, რომ მსგავსი ინტერვენციები, კარგა ხანია ქვეყანას არ ახსოვს, მსგავსი რამ არ მომხდარა მაშინაც კი, როცა საგარეო შოკები იყო.

გოცირიძის შეფასებით, ეს ყველაფერი მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია, ვინაიდან ხელისუფლება თავად აღიარებს, რომ გარე შოკები უკვე მოხსნილია.