ცესკო - 15:00 საათის მონაცემებით, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“ ხმების 4,998% პროცენტი აქვს მიღებული

ცესკო-ს ინფორმაციით, 15:00 საათის მონაცემებით, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“ ხმების 4,998% პროცენტი აქვს მიღებული. ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

არის თუ არა ეს მაჩვენებელი საკმარისი იმისთვის, რომ პარტიამ 5%-იანი ბარიერი გადალახოს, თუკი მონაცემები არ შეიცვლება, ანა მიქელაძის განცხადებით, ამაზე საარჩევნო ადმინისტრაცია იმსჯელებს.

„ცესკო ამუშავებს მონაცემებს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს თითოეული მონაცემის შემოწმების პროცესი. გარდა ამისა, ოლქებში შეტანილია საჩივრები და მიმდინარეობს საჩივრების განხილვა. მოცემული მონაცემები არ არის საბოლოო, რადგან კანონმდებლობით გათვალისწინებულია 19 დღე. 19 დღის განმავლობაში იქნება ცნობილი თითოეული საარჩევნო სუბიექტის მიერ ზუსტად მიღებული ხმების რაოდენობა და პროცენტული მაჩვენებლები მეასედების და მეათასედების ჩათვლით. 15:00 საათის მონაცემებით, „საქართველოს პატრიორტთა ალიანსს“ მიღებული აქვს 88 132 ხმა, ეს არის 4,998%. აღნიშნული პროგრამამ ავტომატურად დაამრგვალა, რადგან სადღაც ხომ უნდა გაჩერდეს. ელემენტარული მათემატიკა არის. თუმცა ამ წუთის მონაცემებით, 4,998% არის თუ არა საკმარისი იმისთვის, რომ აღნიშნულმა პარტიამ გადალახოს 5%-იანი ბარიერი, თუკი მონაცემები არ იქნება შეცვლილი, ამაზე საარჩევნო ადმინისტრაცია, ცესკო იმსჯელებს და პასუხი იქნება ცნობილი“, - განმარტა ანა მიქელაძემ.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე წუთის წინ გაკეთებულ კომენტარში ცესკოს პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ „პატრიოტთა ალიანსს“ 5 % ჰქონდა, მაგრამ ეს არ იყო საბოლოო მონაცემი.