საპარლამენტო კომიტეტებში 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყო

პარლამენტში საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყო. ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი ევროპასთან ინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობათა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ცოტნე ყავლაშვილმა წარადგინა.

მისი განცხადებით, აღნიშნული პროექტი 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვარიანტია, რომელიც პარლამენტს გადამუშავების შემდგომ, ნოემბრის დასაწყისში განსახილველად კვლავ წარედგინება.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები 10,555 მლრდ ლარით განისაზღვრა. მათ შორის საბიუჯეტო სახსრები შეადგენს 9,520 მლრდ ლარს, გრანტები - 135 მლნ ლარს, ხოლო კრედიტები - 900 მლნ ლარს.

ბიუჯეტის პროექტის თანახმად, საქართველოს 2017 წლის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი 8 715.0 მლნ ლარით განისაზღვრა; საგადასახადო შემოსავლების კი, 8 170.0 მლნ ლარით, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 22.3%-ს შეადგენს.

გრანტების საპროგნოზო მაჩვენებელი 265.0 მლნ ლარია; სხვა შემოსავლების 280.0 მლნ ლარი; არაფინანსური აქტივების კლების სახით მისაღები თანხების გეგმა განსაზღვრულია 90.0 მლნ ლარის ოდენობით; ვალდებულებების ზრდის სახით მისაღები 1 660.0 მლნ ლარის ოდენობით.

არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლით გათვალისწინებულია - 758.5 მლნ ლარი, ხოლო ფინანსური აქტივების ზრდის მუხლით გამოყოფილია - 509.3 მლნ ლარი; ვალდებულებების კლება შეადგენს 500.2 მლნ ლარს, საიდანაც 415.0 მლნ ლარი მიმართული იქნება საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების დაფარვაზე, ხოლო 85.2 მლნ ლარი - საშინაო სახელმწიფო ვალდებულებების დაფარვაზე.

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მხარჯავი დაწესებულებების მიხედვით ასიგნებების გადანაწილებაზეც ისაუბრა.

წარმოდგენილი პროექტის თანახმად, საგარეო საქმეთა სამინისტროს 2017 წლის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვრა 105,6 მლნ ლარით; ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის - 3,100 მლნ, ხოლო დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისთვის კი 1,200 მლნ ლარით.