სწრაფი სესხები - მახე, საიდანაც თავის დაღწევა რთულია

შეიძლება ითქვას, რომ დღეს საქართველოში სწრაფი სესხების ბუმია: ლამის ყოველ ნაბიჯზე გვთავაზობენ სწრაფ სესხს, თანაც „საუკეთესო“ პირობებით.

ადამიანი, რომელსაც ფული სასწრაფოდ სჭირდება, არ უფიქრდება, რამდენად ხელსაყრელია ამ სესხის აღება მისთვის, საფუძვლიანად არ ეცნობა პირობებს და მაცდურ წინადადებას ადვილად თანხმდება. ადვოკატ ირაკლი უტიაშვილის შეფასებით, ეს არის მახე, რომელიც ისედაც გაჭირვებულ ადამიანს უარეს სიტუაციაში აგდებს.

- ბოლო ხანებში საქართველოში განსაკუთრებით მომრავლდნენ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, რომლებიც სწრაფ სესხებს გასცემენ. თანხის გაცემა ონლაინ-რეჟიმში ხდება და ძალიან მარტივია: დაინტერესებულ პირს შეუძლია შევიდეს მისთვის საინტერესო მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ვებგვერდზე, დარეგისტრირდეს, როგორც მომავალი მომხმარებელი და საჭირო თანხა ინტერნეტის მეშვეობით რამდენიმე წუთში მიიღოს. ერთი შეხედვით, ეს დადებითი მოვლენაა, რადგან მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მოქალაქეს სესხის აღებას უადვილებს, სინამდვილეში კი, მსესხებელი ხაფანგში ხვდება.

- ხაფანგში რას გულისხმობთ?

- საქმე ის არის, რომ თანხის გადახდის ვადა ძირითადად ერთი თვეა და თუ მსესხებელი ფულს დროზე ვერ გადაიხდის, პრობლემები სწორედ მაშინ იწყება: სესხის დაბრუნება 2-3 თვით რომ გადაავადოს, 500 ლარის ნაცვლად შეიძლება 1500 ლარის შეტანა მოუხდეს, ანუ სწრაფი სესხის პროცენტიც და პირგასამტეხლოც არის ძალიან მაღალი და ოდნავაც არ შეესაბამება კანონით გათვალისწინებულ ნორმებს და მოთხოვნებს.

- რამდენად ხშირია მსგავსი ფაქტები?

- ძალიან ხშირია, შეიძლება ითქვას, რომ ამან მასობრივი სახე მიიღო. შემიძლია კონკრეტული ფაქტებითაც ვისაუბრო. ამ რამდენიმე დღის წინ ჩემთან კონსულტაციისთვის იყო მოსული ქალბატონი, რომელმაც ისესხა 300 ლარი, სესხის გასტუმრება დააგვიანა და ახლა ლამის სამმაგი თანხის გადახდა უწევს. ახლახან დამირეკა პირმა და მითხრა, რომ 300 ლარი გამოიტანა, გადახდა დაუგვიანდა და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია 2 ათას ლარს სთხოვს. ორი თვის წინ შესაგებელი დავუწერე ერთ ადამიანს, რომლის საქმემ პირდაპირ გამაოცა: მას 250 ლარის სესხი ჰქონდა გამოტანილი ერთი თვით, დროულად ვერ დააბრუნა, მაგრამ თვენახევრის შემდეგ ანუ 2 კვირის დაგვიანებით დააბრუნა თანხის ძირი - 250 ლარი, საფინანსო ორგანიზაციამ ეს თანხა პირგასამტეხლოს და გადავადების საზღაურად ჩაუთვალა, სამი თვის შემდეგ უჩივლა და ახლა მისგან 1800 ლარს ითხოვს. ვინმეს რომ ეთქვა და მე თვითონ არ დავრწმუნებულიყავი, მსგავსი ფაქტების არსებობას ვერც კი დავიჯერებდი. ხშირად დაკისრებული თანხა 7-8-ჯერ აღემატება ნასესხებ ანუ ძირ თანხას, ეს იმიტომ, რომ ყველა მიკროსაფინანსო ორგანიზაციას მსესხებლის მიმართ არაადეკვატური მოთხოვნები აქვს. ალბათ მათ უნდა შევახსენოთ, რომ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, არ შეიძლება სესხის წლიური პროცენტი თუნდაც 100%-ს გაუტოლდეს. როდესაც ადამიანი 300 ლარს სესხულობს, თუნდაც დროულად ვერ დააბრუნოს, არ შეიძლება უკან 600, 700, 800 ლარის დაბრუნება მოსთხოვონ.

- როგორც ჩანს, დაზარალებული პირები სესხის პირობებს ყურადღებით არ ეცნობიან.

- შესაძლოა არ ეცნობიან, მაგრამ სწრაფი სესხის პირობები საკმაოდ მკაცრია. თანაც, ყველა ორგანიზაციას კლიენტისადმი განსხვავებული მოთხოვნები აქვს და მათ მიერ დარიცხული თანხა გაცილებით მეტია, ვიდრე უნდა იყოს.

- დავუშვათ, მსესხებელმა ვერც „ძირი თანხა“ დააბრუნა და ვერც შემდგომ პერიოდში დარიცხული. მაშინ რა ხდება?

- თუ საჭიროა, ეს ორგანიზაციები სასამართლოსაც მიმართავენ. ბოლო ხანებში ძალიან გახშირდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ სასამართლოში სარჩელის შეტანა. ჩემი თვალით მინახავს, რომ მათ წარმომადგენლებს ყუთებით მიაქვთ ეს მასალები სასამართლოში. არადა, იმხელა თანხას ახდევინებენ, რაც ბევრად აღემატება კანონით დაწესებულ პროცენტს და პირგასამტეხლოს. თუ პირმა არ დააბრუნა სესხად აღებული 300 ლარი, მისთვის 2 ათასი ლარის დაკისრება თუნდაც ერთი წლის შემდეგ, დაუშვებელია და საერთოდ არ შეესაბამება კანონით დადგენილ ნორმებს. მიკროსაფინანსო ორგანიზაციები სარგებლობენ იმით, რომ სასამართლოს უფლება არა აქვს მათი სარჩელი არ მიიღოს.

- ბატონო ირაკლი, როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, რომელიც ამ მდგომარეობაში აღმოჩნდება?

- მსესხებელს სჭირდება კვალიფიციური ადვოკატის დახმარება, რომელიც შესაგებელს დაწერს და დაასაბუთებს, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მოთხოვნა უსამართლოა, მაგრამ ვინაიდან გადასახდელი თანხა ადვოკატის და სასამართლოს ხარჯებს არ აღემატება, უმეტესობა არ ცდილობს საფინანსო ორგანიზაციას შეეწინააღმდეგოს. ვინაიდან მსესხებელი შესაგებელს არ წარადგენს, კანონი ამ სარჩელის დაკმაყოფილებას მოითხოვს. პროცესუალურად ყველაფერი ნორმაშია და მსესხებელიც იძულებული ხდება დაგროვილი თანხა გადაიხადოს. გამოსავალი აქედან ერთია: ყველა მოქალაქემ უნდა დაიცვას თავისი უფლებები და დაამტკიცოს, რომ 300-ლარიანი სესხის ნაცვლად 1000, 2000, ან თუნდაც 600 ლარის გადახდა უსამართლობაა. სამწუხაროდ, ამას ბევრი არ აკეთებს.

- ნუთუ არავინ ცდილობს თავისი უფლებები დაიცვას?

- უმეტესობას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეაქვს სარჩელი, როდესაც დიდი თანხის გადახდა უწევს, არადა სწრაფი სესხები - ეს არის უსამართლო გამდიდრების წყარო და ამ უსამართლობამ უკვე მასობრივი ხასიათი მიიღო. ჩემი აზრით, ამ სესხებს ფინანსური ორგანიზაციები კი არა, თაღლითები გასცემენ, რომლებიც სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა მიეცნენ. ამიტომ, აღნიშნული პრობლემით სახელმწიფო აუცილებლად უნდა დაინტერესდეს. უნდა დაწესდეს რაღაც ნორმა, სტანდარტი, მაქსიმალური ზღვარი, რისი მოთხოვნის უფლება ექნება მიკროსაფინანსო ორგანიზაციას სესხის გადავადების შემთხვევაში. ასევე სასურველია, შეიქმნას არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც დაეხმარება დაზარალებულ მოქალაქეებს, რომ მათ საკუთარი უფლებები დაიცვან.

ხათუნა ჩიგოგიძე