მომავალ წელს კობი-გუდაურის დამაკავშირებელი 7-კილომეტრნახევრიანი საბაგიროების ინფრასტრუქტურის შექმნა დაიწყება

მომავალ წელს დაიწყება კობი-გუდაურის დამაკავშირებელი 7 კილომეტრნახევრიანი საბაგიროების ინფრასტრუქტურის შექმნა, რომელიც დააკავშირებს ყაზბეგსა და გუდაურს და შეიქმნება ერთიანი სათხილამურო სივრცე, - ამის შესახებ ,,მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ხელმძღვანელმა სანდრო ონოფრიშვილმა გუდაურში განაცხადა, სადაც ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი გაეცნო.

როგორც ონოფრიშვილმა აღნიშნა, გუდაურში უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება მიმდინარეობს.

,,თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ამ ოდენობის ტექნიკა გუდაურში მობილიზებული არ ყოფილა დაარსების დღიდან. ამ წუთას ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტებია ის, რომ ხდება წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის სრული რეაბილიტაცია და გუდაურს ექნება საკმარისი დებეტის წყალი, რომ ვიზიტორები მიიღოს. ასევე ჩვენ ვაშენებთ ახალ საბაგიროს, რომელიც ძველ გუდაურს დააერთებს სათხილამურო ტრასებთან”, - განაცხადა ონოფრიშვილმა.

მისივე თქმით, კანადურ კომპანია ,,ეკოსაინის“ მიერ გაკეთდა გუდაურის განვითარების გეგმა.

,,აღსანიშნავია, რომ მომავალ წელს დაიწყება უმნიშვნელოვანესი და უმსხვილესი პროექტი - ეს არის კობი-გუდაურის დამაკავშირებელი 7 კილომეტრნახევრიანი საბაგიროების ინფრასტრუქტურის შექმნა, რომელიც დააკავშირებს ყაზბეგსა და გუდაურს და შეიქმნება ერთიანი სათხილამურო სივრცე, რაც კურორტზე ტურისტების რაოდენობას გააორმაგებს”, -განაცხადა ონოფრიშვილმა.

მისივე თქმით, ხარისხის ამაღლების მიზნით ფრანგულ კომპანიასთან ერთად შემუშავებულია პროექტი, რომლის თანახმადაც, მთის მენეჯერები გადიან კურსებს და ტრენინგებს საფრანგეთსა და საქართველოში.

,,იანვარში მათ ექნებათ გამოცდები, რომელთა ჩაბარების შემთხვევაში პირველად გვეყოლება სერტიფიცირებული მთის მენეჯერები”, - განაცხადა სანდრო ონოფრიშვილმა.