სექტემბერში უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა 3.9%-ით შემცირდა

2016 წლის სექტემბრის თვეში უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა, წინა თვესთან შედარებით, 3.9%-ით შემცირდა.

თუმცა 10,6%-ით გაიზარდა წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით და ქვეყნის მასშტაბით 54 265 ერთეული შეადგინა.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, კლება დაფიქსირდა პირველადი (14.5%-ით), ხოლო ზრდა - მეორადი (0.1%-ით) სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობაში. 2016 წლის სექტემბრის თვეში სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსი (დეკემბერი 2010 =100) 1.290 დონეზე დაფიქსირდა, რაც წინა წლის იმავე თვის ინდექსს (1.166) აღემატება.

უწყების მონაცემებით, გასული წლის სექტემბერთან შედარებით, უძრავი ქონების როგორც პირველადი (44.0%-ით), ისე მეორადი (2.8%-ით) ტრანზაქციების რაოდენობა გაიზარდა.

”2016 წლის სექტემბრის თვეში პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ 13 368 ერთეული შეადგინა, საიდანაც 7 826 ერთეული სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაციაა. მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ კი 40 897 ერთეული შეადგინა, საიდანაც 2 356 სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაციაა”, - ნათქვამია საჯარო რეესტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.