2017 წლის ბიუჯეტის პროექტით, ”სანქციების” მუხლით მისაღები შემოსავლები შემცირების ტენდენციით ხასიათდება

2017 წლის ბიუჯეტის პროექტით შემცირების ტენდენციით ხასიათდება ”სანქციების” მუხლით (ჯარიმები და საურავები) მისაღები შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი.

კერძოდ, აღნიშნული მუხლი 5.0 მლნ ლარით (7.1%-ით) მცირდება 2016 წლის ბიუჯეტით განსაზღვრულ ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.

”თუ გავითვალისწინებთ მიმდინარე წლის 8 თვის მდგომარეობით სანქციების (ჯარიმები და საურავები) სახით მობილიზებული სახსრების მოცულობას (წლიური გეგმის 54.9%), აღნიშნული მუხლით მისაღები შემოსავლების მიმდინარე წელთან შედარებით შემცირებულად დაგეგმვა, რეალისტურად შეიძლება შეფასდეს. მიმდინარე წლის 8 თვის მობილიზების ტენდენციის გათვალისწინებით, დადებითად უნდა შეფასდეს აგრეთვე, შერეული და სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავლების მუხლით მისაღები შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებლის 37.6 მლნ ლარის ოდენობით შემცირება”, - აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ დასკვნაში, რომელიც მან პარლამენტს 2017 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით წარუდგინა.