თბილისში 10-მდე ველოპარკინგი მოეწყობა

დედაქალაქში სხვადასხვა ადგილას ველოსიპედებისთვის 10-მდე პარკირების მოწყობაა დაგეგმილი.

როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ თბილისის ველომოყვარულთა კლუბის ხელმძღვანელმა თამაზ თიკანაძემ განუცხადა, პროექტზე თბილისის მერიასთან ერთად მუშაობენ. თუმცა, მერიაში ამ პროექტის შესახებ ჯერ არ საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ ამ მიმართულებით ინფორმაცია უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

თიკანაძე ვერ აკონკრეტებს თუ როდის გაჩნდება ველოპარკირების ადგილები თბილისში.

„ველოსადგომები მოეწყობა ცენტრალურ უბნებში. პროექტის მიხედვით, პირველი 10 ველოსადგომი ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე უნივერსიტეტებთან, ვაკის პარკთან, რუსთაველის, თავისუფლების მეტროსთან და სხვა ადგილებში მოეწყობა. ველოსადგომი უფასო იქნება და მოქალაქეებს სადგომზე დატოვებული საკუთარი ველოსიპედით ცენტრალურ უბნებში გადაადგილება შეეძლებათ,“ - აღნიშნა თიკანაძემ.

მისივე ცნობით, ერთი სადგომი 10 ველოსიპედზე იქნება გათვლილი.

რაც შეეხება ხარჯებს, თიკანაძე ამბობს, რომ ველომოყვარულთა კლუბის ვარაუდით, 1 ველოსადგომის მოწყობა 700 ლარამდე დაჯდება.

თაია არდოტელი