ქუთაისში ნიკეას ქუჩის რეაბილიტირებული გზა გაიხსნა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა, პირველ მოადგილესთან ილია დარჩიაშვილთან და მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორთან ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთად, ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე რეაბილიტირებული გზა გახსნა.

როგორც სამინისტრო იუწყება, ნიკეას ქუჩა ქუთაისის ყველაზე დიდი ქუჩაა და რეაბილიტაციის დაწყებამდე, აღნიშნულ ქუჩაზე არსებული გზის საფარი დაზიანებული და ამორტიზებული იყო, რის გამოც, მოძრაობა ფერხდებოდა და მუდმივად იქმნებოდა საცობები. არ იყო დაცული უსაფრთხოების ნორმები.

უწყების პრესსამსახურის განმარტებით, პროექტის ფარგლებში 2.2 კმ სიგრძის, სამზოლიან გზას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა, დაიგო ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარი, სავალ ნაწილებს შორის გაკეთდა შემზღუდავი გამყოფი ზოლი, ქუჩის ორივე მხარეს მოეწყო ახალი ტროტუარები, შეიცვალა გარე განათება და გაკეთდა ახალი სანიაღვრე სისტემა.

”ქუჩის განახლების შედეგად მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ქალაქში ავტოსატრანსპორტო ნაკადების მოძრაობა, რაც, არსებულ საცობებს მნიშვნელოვნად განტვირთავს.

პროექტის ღირებულება, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით 7 698 556,21 ათასი ლარია. აღსანიშნავია, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება 2017 წლის მაისში იგეგმებოდა, თუმცა, მუნიციპალური განვითარების ფონდისა და კონტრაქტორი კომპანიის ოპერატიულობის შედეგად, გზის გახსნა დაგეგმილზე ბევრად ადრე მოხერხდა”, - აცხადებენ სამინისტროში.