სექტემბერში კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა 74.0 მლნ ლარით გაიზარდა

წინა თვესთან შედარებით, სექტემბერში კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა 74.0 მლნ ლარით (0.5 %-ით) გაიზარდა.

ეროვნული ბანკი კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), 2016 წლის სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით 74.0 მლნ ლარით (0.5 პროცენტით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.2 პროცენტით შემცირდა) და მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრისათვის 16.5 მლრდ ლარი შეადგინა.

სებ-ის ინფორმაციით, ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 150.1 მლნ ლარით (2.6 პროცენტით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა შემცირდა 76.1 მლნ ლარით (0.7 პროცენტით; გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე შემცირდა 1.8 პროცენტით). რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2016 წლის სექტემბრის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 2.0 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 11.2 პროცენტით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 5.6 მლრდ ლარის (0.9 პროცენტით ნაკლები) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.0 პროცენტით ნაკლები).

2016 წლის სექტემბრის განმავლობაში 2.1 პროცენტით ანუ 171.2 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრისათვის 8.3 მლრდ ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 36.51 პროცენტი შეადგინა. პირველი სექტემბრის მდგომარეობასთან შედარებით, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, მთლიანი სესხების ლარიზაცია 0.99 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.