საკრებულოში თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებასთან დაკავშირებით 9 თვის ანგარიში მოისმინეს

დედაქალაქის საკრებულოში თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებასთან დაკავშირებით 9 თვის ანგარიში მოისმინეს. ანგარიშის პრეზენტაცია საკრებულოს თბილისის გენერალური გეგმის განახლებაზე მომუშავე ჯგუფის - „სითი ინსტიტუტი საქართველო“ ხელმძღვანელმა მერაბ ბოლქვაძემ წარუდგინა.

საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრას საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი პირველ მოადგილესთან გიორგი ტყემალაძესთან ერთად უძღვებოდა. დეპუტატებს მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში პირველ ეტაპზე განსახორციელებელი გადაუდებელი ცვლილებების, საცხოვრებელი ზონის სახეობების ბალანსის, ასევე თბილისის საინჟინრო-გეოლოგიური და განაშენებული ტერიტორიების განვითარებითი პოტენციალისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების თაობაზე დეტალური ინფორმაცია მერაბ ბოლქვაძემ მიაწოდა.

პრეზენტაციას ასევე ესწრებოდა დედაქალაქის მერი დავით ნარმანია. ღონისძიება კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, სადაც წარმოდგენილ საკითხთან დაკავშირებით საკრებულოს წევრების კითხვებს ამომწურავი პასუხები გაეცა.

გენერალური გეგმის განახლების თაობაზე 9 თვის ანგარიშის მოსმენაზე დეპუტატებმა თბილისის მიწათსარგებლობის კონცეფციის, ლანდშაფტის ზონებისა და გარემოსდაცვისა და ურბანული ოპტიმიზაციის საკითხებზე, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელების, საფეხმავლო არეალებისა და პარკირების რეგულირების ზონების შესახებაც იმსჯელეს.

შეხვედრას საკრებულოს წევრების გარდა, თბილისის მერიის საქალაქო სამსახურებისა და არქიტექტორთა კავშირის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.