საზღვარგარეთ საქართველოს რეკლამირებისთვის წელს დაახლოებით 22 მილიონი ლარი დაიხარჯა

საზღვარგარეთ საქართველოს რეკლამირებისთვის წელს დაახლოებით 22 მილიონი ლარი იხარჯება.

ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „ჩემი კითხვა“ მარკეტინგული აქტივობების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც ჩოგოვაძემ აღნიშნა, ის ბაზრები, რომელთა შერჩევა ხდება, როგორც მარკეტინგულად მნიშვნელოვანის, რამდენიმე კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს.

„წელს დაახლოებით, 22 მილიონი ლარი დაიხარჯა და იხარჯება ახლაც საზღვარგარეთ საქართველოს რეკლამირებისთვის. მნიშვნელოვანია აღინიშნოს ჩვენი მიდგომები იმასთან დაკავშირებით, რომ ზოგადად, მარკეტინგის ფული არასდროს არის საკმარისი იმიტომ, რომ ძალიან ბევრია ქვეყანა, საიდანაც შეგვიძლია ტურისტი მოვიზიდოთ და ძალიან მნიშვნელოვანია სწორად შევარჩიოთ როგორც ქვეყნები, საიდანაც გვინდა, რომ ტურისტი მოვიზიდოთ, ასევე ის მარკეტინგული არხები, თუ რაში ვხარჯავთ ჩვენ საქართველოს რეკლამირების დროს ფულს. ის ბაზრები, რომელსაც ვირჩევთ, როგორც მარკეტინგულად მნიშვნელოვანს, რამდენიმე კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს. ერთ-ერთი გახლავთ პირდაპირი ავიამიმოსვლა. ასევე ჩვენი ქვეყნის ცნობადობის გარკვეული დონის არსებობა ამა თუ იმ ბაზარზე“, - განაცხადა ჩოგოვაძემ.

მისივე თქმით, გარდა ამისა, 2015 წელს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 400-ზე მეტი საერთაშორისო ჟურნალისტი მოიწვია საქართველოში. ამასთან, ხდება ტურისტული კომპანიების წარმომადგენლების ჩამოყვანა საქართველოში.

გარდა ამისა, მისივე თქმით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში.