7 ყველაზე მაღალანაზღაურებადი საქმიანობა საქართველოში

შრომის ანაზღაურება საქართველოში დასაქმების სახეების მიხედვით საკმაოდ განსხვავებულია. „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რომელ სექტორში დასაქმებულ ადამიანებს აქვთ ყველაზე მაღალი ხელფასი.

აღმოჩნდა, რომ 2016 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით, ყველაზე მაღალი ანაზღაურების თვალსაზრისით 7 სექტორი გამოირჩევა, სადაც საშუალო თვიური ანაზღაურება 1 000 ლარს აღემატება.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2016 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი საქმიანობების შვიდეული ასე გამოიყურება:

1. საფინანსო საქმიანობა - 1964.5 ლარი;

2. მშენებლობა - 1398.6 ლარი;

3. სახელმწიფო მმართველობა - 1377.9 ლარი;

4. ტრანსპორტი და კავშირგამბულობა - 1244.4 ლარი;

5. ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება - 1219.1 ლარი;

6. სამთომომპოვებელი მრეწველობა - 1205.7 ლარი;

7. ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლებისთვის მომსახურების გაწევა - 1068.7 ლარი;

აღსანიშნავია, რომ გასულ წელთან შედარებით, მაღალანაზღაურებადი სექტორების რაოდენობა გაზრდილია. კერძოდ, 2015 წელს დასაქმებულთა საშუალო თვიური ანაზღაურება 1 000 ლარს 6 სექტორში აღემატებოდა.

2015 წლის მაღალანაზღაურებადი საქმიანობების ექვსეული კი ასეთია:

1. საფინანსო საქმიანობა - 1691.4 ლარი;

2. სახელმწიფო მმართველობა - 1342.7 ლარი;

3. ტრანსპორტი და კავშირგამბულობა - 1189.4 ლარი;

4. მშენებლობა - 1182 ლარი;

5. ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება - 1117.2 ლარი;

6. სამთომომპოვებელი მრეწველობა - 1047.4 ლარი;

2012 წლიდან 2015 წლის ჩათვლით, ამ მხრივ, სტაბილურობით ორი მიმართულება - საფინანსო საქმიანობა და სახელმწიფო მმართველობა გამოირჩეოდა, რომლებიც მაღალანაზღაურებად საქმიანობებში ლიდერობდნენ.

2016 წლის არსებული მონაცემებით კი ლიდერთა სია შეიცვალა და მშენებლობაზე დასაქმებულ პირებს უფრო მეტი ანაზღაურება აქვთ, ვიდრე სახელმწიფო მმართველობაში.

ყველაზე დაბალი ანაზღაურება კი სასტუმროებში, რესტორნებში, განათლებასა და ნადირობაში, სოფლის და სატყეო მეურნეობებში დასაქმებულ ადამიანებს აქვთ.