საპარტნიორო ფონდს რუმინულ-თურქული კომპანია SU MARKETS ესტუმრა

საპარტნიორო ფონდს რუმინულ-თურქული კომპანია SU MARKETS ეწვია, რომელიც საქართველოში ინფრასტრუქტურულის სექტორში ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.

როგორც საპარტნიორო ფონდი იუწყება, კომპანიის წარმომადგენლებმა ფონდს ლოჯისტიკის ცენტრის პროექტი გააცნეს და როტშილდების ფონდის (LTD Edmond De Rothschild) სახით პოტენციური დამფინანსებელი წარუდგინეს.

მათივე ცნობით, რუმინულ-თურქული კომპანია საქართველოში ლოჯისტიკის ცენტრისა და ხილისა და ბოსტნეულის სამაცივრე მეურნეობის განვითარებით არის დაინტერესებული.

”SU MARKET წარმოდგენს თურქულ რუმინულ კომპანიას, რომელიც 2005 წლიდან ერთდროულად ახორციელებს ლოჯისტიკური ცენტრების მშენებლობებსა და მართვას. კომპანია ბუქარესტში ფლობს და მართავს 100 000 კვ.მ-ზე განთავსებულ რუმინეთის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ხილისა და ბოსტნეულის სავაჭრო ცენტრს. კომპანიას გააჩნია, როგორც კერძო ინვესტორებთან, ასევე მთავრობასთან თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება”, - აცხადებენ საპარტნიორო ფონდში.

საპარტნიორო ფონდის წარმომადგენლები თებერვალში SU MARKETS-ის მიწვევით იმყოფებოდნენ რუმინეთში, სადაც სამაცივრე მეურნეობები დაათვალიერეს და კომპანიის ხელმძღვანელებს შეხვდნენ.