ქართული პროდუქცია რუმინეთში ”Nyeleni Europe” ფორუმზე გაიტანეს

რუმნეთში, კლუჟ-ნაპოკაში საერთაშორისო მოძრაობა სასურსათო სუვერენიტეტისათვის ორგანიზებით Nyeleni Europe-ის მეორე ფორუმი იმართება.

ფორუმზე საქართველოდან ორი ორგანიზაცია, 10 კაციანი დელეგაციით იმყოფება. როგორც ფორუმის ერთ-ერთი მონაწილე ნოდარ თოხოსაშვილი ამბობს, ქართულმა მხარემ Nyeleni Europe-ზე ღვინო, თაფლი, ჩურჩხელა, ყველი, გოზინაყი, ჩაი, კალტი, ყაღი, ჯემი, თხილი, კაკალი და სხვა პროდუქცია წარადგინა.

ნოდარ თოხოსაშვილის თქმით, ფორუმზე ასევე მცირე მიწიან ფერმერთა პრობლემები განიხილება, მათ შორის რეგულაციებისა და ბაზარზე წვდომის საკითხები.

”ფორუმის დასასრულს მოხდება საკითხების შეჯამება და მომზადდება ინიციატივების პაკეტები, რომლებიც პოლიტიკოსებსა და მთავრობებს გადაეგზავნებათ. არასამთავრობო ორგანიზაცია ”ფერმერთა უფლებების დაცვის ასოციაცია” ფორუმზე ქართველი ფერმერების ინტერესებს წარადგენს. ცვლილებები გარდაუვალი აუცილებლობაა ევროპელი ფერმერებისა და გლეხებისთვისაც, რომლებიც განვითარებისა და კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით ახალ ინიციატივებს აყენებენ. მათთვის საინტერესო იყო საქართველოში აგრარული რეფორმის მასშტაბები. ფორუმზე ქართული მხარის მიერ წარდგენილი სტრატეგიისა და შემდგომი პოლიტიკის შექმნის საკითხებზე მომზადებული რეკომენდაციებისა და წინადადებების პაკეტი მოიწონეს”, - განაცხადა ნოდარ თოხოსაშვილმა

მისივე თქმით, ქართული მხრიდან, ფორუმის ორგანიზების საკითხებში ბიოლოგიურ მეცნიერებათა ასოციაცია ”ელკანა” იყო ჩართული. ფორუმზე 48 ქვეყნაა წარმოდგენელი, თითო ქვეყნიდან 2-3 ორგანიზაცია. Nyeleni Europe რუმინეთში 25-30 ოქტომბერს იმართება.

ნიელენი მალელი ქალის სახელია, რომელმაც სოფელი შიმშილს გადაარჩინა. პირველი ფორუმი 2007 წელს სწორედ მალიში ჩატარდა. ფორუმის მიზანია ევროპის ერთიანი აგრარული პოლიტიკის შეცვლა.

თათია ახვლედიანი