წინასწარი შეფასებით, 2016 წლის ცხრა თვის საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 2,6 % შეადგინა

წინასწარი შეფასებით, 2016 წლის ცხრა თვის საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 2,6 % შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული სამსახური ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებას აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2016 წლის სექტემბერში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 1,5 პროცენტი, 2016 წლის III კვარტალში - 2,2 პროცენტი, ხოლო 2016 წლის პირველი ცხრა თვის საშუალო რეალურმა ზრდამ 2,6 პროცენტი შეადგინა.

„2012 წლის იანვრიდან საქსტატი ყოველთვიურად აწარმოებს ეკონომიკის ზრდის ყოველთვიურ წინასწარ შეფასებებს, რომელიც იანგარიშება უწყებრივი სტატისტიკის (დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების, ფისკალური და მონეტარული მონაცემების) საფუძველზე. აღნიშნული შეფასებები წარმოადგენს საერთაშორისოდ მიღებულ პრაქტიკას, რომელსაც იყენებენ მოკლევადიანი წინასწარი ოპერატიული მონაცემების მისაღებად. იმ სფეროებში, სადაც ყოველთვიური მონაცემები (მაგალითად, სოფლის მეურნეობა, დაუკვირვებადი ეკონომიკის მოცულობა) არ მოიპოვება, შეფასება გაკეთებულია წინა პერიოდის მონაცემებზე დაყრდნობით. შესაბამისად, რეალური კვარტალური გაანგარიშებები შესაძლოა, განსხვავდებოდეს წინასწარი შეფასებისგან. გარდა ამისა, ყოველთვიურად შესაძლებელია მოხდეს წინა თვეების დღგ-ის გადამხდელ საწარმოების ბრუნვების კორექტირება, რაც, შესაბამისად, რეალური ზრდის ყოველთვიური წინასწარი შეფასების მონაცემის კორექტირებასაც იწვევს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.