ელჩმა იოსებ ნანობაშვილმა სერბეთში საქართველოს სამეწარმეო-საინვესტიციო შესაძლებლობების პრეზენტაცია წარადგინა

საბერძნეთსა და სერბეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იოსებ ნანობაშვილმა სერბეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს სამეწარმეო-საინვესტიციო შესაძლებლობების პრეზენტაცია წარადგინა.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, პრეზენტაცია ბელგრადის ”ბიზნეს-კლუბში” გაიმართა.

მათივე ინფორმაციით, პრეზენტაციას ესწრებოდნენ მსხვილი სერბული კომპანიებისა და ბიზნეს-ჯგუფების ხელმძღვანელები, ასევე სერბეთის ეკონომიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი პირები. პრეზენტაციის მონაწილეებმა იხილეს წამყვანი ბერძნული კომპანია Muzenidis Group-ის მიერ საქართველოს შესახებ მომზადებული სარეკლამო ფილმი. შეკრებაზე გავრცელდა ბროშურები და სხვა საინფორმაციო მასალა საქართველოს ტურისტული, კულტურული, რელიგიური და სამეწარმეო სფეროების შესახებ.

სამინისტროს ცნობით, იოსებ ნანობაშვილი სერბეთში ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვდა სერბეთის პატრიარქს, მის უწმინდესობა ირინეოსს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და სერბეთის პატრიარქების უაღრესად თბილ ურთიერთობებს განსაკუთრებული წვლილი შეაქვს ორ ქვეყანას შორის კავშირების შემდგომი გაღრმავების საკითხში.

მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველო-სერბეთის ორმხრივი ურთიერთობების არაერთი აქტუალური საკითხი.