საქართველოში მოსწავლეთა 22%-მა თრობა 13 წლის, ან უმცროს ასაკში გამოსცადა

კვლევის თანახმად, საქართველოში მოსწავლეთა 22%-მა თრობა 13 წლის, ან უმცროს ასაკში გამოსცადა.

ამის შესახებ ალკოჰოლის, თამბაქოსა და სხვა ნარკოტიკის მოხმარების შემსწავლელ ევროპის სასკოლო კვლევაშია (ESPAD) ნათქვამი. კვლევის პრეზენტაცია დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში გაიმართა.

საერთაშორისო კვლევა ევროპის 35-ზე მეტ ქვეყანაში ტარდება. 2015 წელს პროექტს საქართველოც შეუერთდა. ნოემბერში საქართველოში, კვლევაში მონაწილეობა მიიღო 190-მა სკოლამ. კვლევის ფარგლებში გაანალიზდა 2477 სრულად შევსებული კითხვარი. მათგან 1961 მოსწავლე 1999 წელს არის დაბადებული.

მკვლევარების თანახმად, კვლევა რეპრეზენტატულია და მისი განზოგადება, საქართველოში მცხოვრებ 16 წლის ყველა მოსწავლეზე შეიძლება.

კვლევის თანახმად, მოსწავლეების 85%-მა - ბიჭების 86%-მა და გოგონების 83%-მა აღნიშნა, რომ მთელი სიცოცხლის განმავლობაში ერთხელ მაინც მიუღია ალკოჰოლი. მოსწავლეთა 43%-მა განაცხადა, რომ ალკოჰოლი უკანასკნელი 30 დღის განმავლობაში მიიღო.

ქართველ მოსწავლეთა შორის, ყველაზე ხშირად მოხმარებული სასმელი ღვინოა - 40%, შემდეგ მოდის ლუდი 36%, სპირტიანი სასმელები 30% და ალკოპოპი 14%. ყველა სასმელს გოგონებზე მეტად, ბიჭები ღებულობენ.

მოსწავლეთა 41%-მა აღნიშნა, რომ უკანასკნელი 30 დღის განმავლობაში ადგილი ჰქონდა ალკოჰოლის მძიმე ეპიზოდურ მოხმარებას.

ქართველ მოსწავლეთა 43%-მა აღნიშნა, რომ სიცოცხლის განმავლობაში ერთხელ მაინც დამთვრალა.

ალკოჰოლის უკანასკნელი მიღების დროს მოსწავლეთა 33% საკუთარ სახლში იმყოფებოდა, 23% სხვის სახლში, ხოლო 20% რესტორანში.

მოსწავლეთა 73%-ს სიცოცხლის განმავლობაში ერთელ მაინც აქვს მიღებული ენერგეტიკული სასმელი.

კვლევის პრეზენტაციას ესწრებოდნენ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე.