სექტემბერში ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფში შემავალი პროდუქტების ფასი 11.2%-ით გაიზარდა

2016 წლის სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, სამომხმარებლო ფასების საერთო დონე 0.3 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ინფლაციამ 0.1 პროცენტი შეადგინა.

ამის შესახებ ეროვნული ბანკის სექტემბრის თვის მიმოხილვაშია აღნიშნული.

”საანგარიშო თვეში, სურსათის კატეგორიაში ფასების დონე წინა თვესთან შედარებით 1 პროცენტით გაიზარდა. ფასების ცვლილება ყველაზე მნიშვნელოვანი იყო „ბოსტნეული, ბაღჩეული, კარტოფილის და სხვა ბოლქვოვანების ჩათვლით“ შემავალი პროდუქტების ჯგუფში. ამ ჯგუფში ფასები წინა თვესთან შედარებით 4.4 პროცენტით გაიზარდა. ფასების ზრდაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ასევე „რძე, ყველი და კვერცხის“ ჯგუფში შემავალ პროდუქტებზე ფასების ზრდამაც”, - ნათქვამია ეროვნული ბანკის სექტემბრის  მიმოხილვაში.

სებ-ის ინფორმაციით, ფასების წლიური კლება კვლავ გაგრძელდა სამომხმარებლო კალათაში შემავალ ისეთ მნიშვნელოვან პროდუქტზე, როგორიცაა დიზელის საწვავი და ბენზინი.

”სექტემბერში აღნიშნულ პროდუქტებზე ფასები შესაბამისად, 14.3 პროცენტით და 14.7 პროცენტით შემცირდა და ამ შემცირების გავლენა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე -0.7 პროცენტული პუნქტია. ინფლაციის შემცირებაში მნიშვნელოვანი წვლილი კარტოფილის (კლება 30 პროცენტი), მოუხდელი ყველისა (კლება 7 პროცენტი) და მეორადი მოხმარების მსუბუქ ავტომობილებზე (კლება 21 პროცენტი;) ფასების მკვეთრმა კლებამ შეიტანა”, - ნათქვამია ეროვნული ბანკის ანგარიშში.

თვის მიმოხილვის მიხედვით, 2015 წლის დასაწყისიდან ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე, აქციზის გადასახადის მატების გამო, ფასები საგრძნობლად მატულობს: ”საანგარიშო თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ინფლაციაზე ყველაზე მეტად კვლავაც „ალკოჰოლური სასმელები და თამბაქოს” ჯგუფში შემავალ პროდუქტებზე ფასების ზრდა მოქმედებს. ამჯერად, აღნიშნული ჯგუფის ფასები 11.2 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინფლაციის საერთო დონეში ჯგუფის წვლილი 0.7 პროცენტულ პუნქტს უტოლდება. ფასების ყველაზე მაღალი ზრდა „შაქრისა და საკონდიტრო ნაწარმის“ კატეგორიის კვების პროდუქტების შემთხვევაში დაფიქსირდა (15.0 პროცენტი). ამის მიზეზი მიმდინარე წლის დასაწყისიდან მსოფლიო ბაზარზე შაქრის ფასის ზრდაა. საპირისპიროდ, სურსათის ფასების საერთო დონეზე მკვეთრად უარყოფითი მიმართულებით მოქმედებდა „ბოსტნეულისა და ბაღჩეულის“ ჯგუფში შემავალი კვების პროდუქტების ფასების ცვლილება (-8.9 პროცენტი). სექტემბერში, „უალკოჰოლო სასმელების“ კატეგორიაში ფასები წლიურად 3.6 პროცენტით გაიზარდა. ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი, 4.8 პროცენტი, „სასტუმროები, კაფეები და რესტორნები“ ჯგუფის საქონელსა და მომსახურებაზე დაფიქსირდა. 1.2 პროცენტიანი ინფლაცია დაფიქსირდა „ჯანმრთელობის დაცვის“ კატეგორიაში, რაც წინა თვეებთან შედარებით გაცილებით დაბალი მაჩვენებელია. საანგარიშო თვეში ინფლაციის შედარებით მაღალი ტემპი დაფიქსირდა ასევე კავშირგაბმულობის სფეროში”, - ნათქვამია სებ-ის მიმოხილვაში.

ანგარიშის თანახმად, წლიურ დონეზე ფასების კლებას ადგილი ჰქონდა „ტრანსპორტისა“ და „ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის“ სასაქონლო ჯგუფებში, სადაც წლიურმა დეფლაციამ შესაბამისად, 7.8 პროცენტი და 4.3 პროცენტი შეადგინა.