თბილისსა და აშხაბადს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა იწყება

მიმდინარე წლის 2 ნოემბრიდან „თურქმენეთის ავიახაზები“ აშხაბადი-თბილისი-აშხაბადის საჰაერო ხაზზე ოპერირებას იწყებს , - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო იუწყება. 

მათივე ინფორმაციით, რეგულარული რეისები საქართველოსა და თურქმენეთის დედაქალაქებს შორის კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ოთხშაბათსა და კვირას, ბოინგ 737 და 757 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება. ავიაკომპანიას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ფრენების შესრულებისათვის აუცილებელი ნებართვა უკვე მიენიჭა.

ორი ქვეყნის დედაქალაქს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება საქართველოსა და თურქმენეთის საავიაციო ხელისუფლებებს შორის, 2016 წლის 4 ივლისს, აშხაბადში გამართული მოლაპარაკებების შედეგად მიიღეს. როგორც სამინისტროში აცხადებენ, ამავე შეხვედრაზე გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და თურქმენეთის სამოქალაქო ავიაციის სახელმწიფო დეპარტამენტს შორის, რომლის საფუძველზე, მხარეთა ავიასაწარმოებს უფლება ეძლევათ განახორციელონ პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა საქართველოსა და თურქმენეთის ნებისმიერ დანიშნულების პუნქტს შორის, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. აქამდე საჰაერო მიმოსვლა მხოლოდ ორი ქვეყნის დედაქალაქს შორის იყო შესაძლებელი.

თბილისსა და აშხაბადს შორის საჰაერო მიმოსვლის დაწყება ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას, მგზავრთა ნაკადის ზრდას, ტურიზმის სფეროსა და ახალი ბიზნესურთიერთობების განვითარებას.