ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთის დეტალური პროექტის მომზადება იწყება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის გაუმჯობესების მეოთხე პროექტის ფარგლებში, ჩუმათელეთი-ხევის დეტალური პროექტის მომზადებას იწყებს.

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტი იუწყება, ამ ეტაპზე E60 ჩქაროსნული მაგისტრალის ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთის მშენებლობის დეტალური პროექტის მოსამზადებლად წარმოდგენილი ფინანსური წინადადებები გაიხსნა. აღნიშნული 12-კილომეტრიანი მონაკვეთი ჩუმათელეთი-არგვეთას (რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთი) გზის შემადგენელი ნაწილია და ერთ-ერთი ურთულესი საგზაო მონაკვეთია.

ფინანსური წინადადებები გაიხსნა ასევე, ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის (რიკოთის გვირაბის აღმოსავლეთ პორტალი) მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობისთვის. აღნიშნული 14-კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელიც რიკოთის საუღელტეხილო გვირაბამდე მიდის, აგარა-ზემო ოსიაურის გზის გაგრძელებას წარმოადგენს. ახალი გზა ჩრდილოეთიდან გვერდს აუვლის ხაშურს, სურამს, ჩუმათელეთს და რიკოთის გვირაბთან გამოვა.

აღნიშნული საგზაო მონაკვეთები, მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მიმართულების - ქვეყნის სივრცითი განვითარების ნაწილია.