სამგორის რაიონში, ჯავახეთის ქუჩაზე, 220 ძირი სხვადასხვა სახეობის მცენარე დარგეს

სამგორის რაიონში, ჯავახეთის ქუჩაზე, 220 ძირი სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე დაირგო. გამწვანების სამუშაოებში თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, ასევე სამგორის რაიონის გამგებელმა გიორგი ბაგრატიონმა და თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო სულხანიშვილმა მიიღეს მონაწილეობა.

საშემოდგომო გამწვანებითი სამუშაოების ფარგლებში, ჯავახეთის ქუჩაზე, მეოთხე მიკრორაიონში 100 ძირი ვერტიკალური და 50 ძირი ჰორიზონტალური კვიპაროსი, ასევე 50 ძირი მთის ნეკერჩხალი და 20 ძირი აკაცია დაირგო. ხეების სიმაღლე 3-დან 5 მეტრამდეა. ხე-მცენარეების მოვლა-პატრონობას 4 წლის განმავლობაში კონტრაქტორი კომპანიები „მწვანე სახლი“ და „მაგნოლია“ უზრუნველყოფენ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, გამწვანების სეზონური ღონისძიებების ფარგლებში თბილისის შემოგარენსა და ცენტრალურ უბნებში 80 000 ხე-მცენარე დაირგვება.