როგორ შეიძლება თბილისში საცობებთან გამკლავება

თბილისის ცენტრალურ ქუჩებში გადაადგილებისას ხშირად საცობებში დგომა საათების განმავლობაში გვიწევს, რაც ძირითადად პიკის საათებში ხდება. ეს პრობლემა უკვე ერთ-ერთ ყველაზე რთულ და გადაუჭრელ სახეს იღებს.

ქალაქის რომელ მონაკვეთებში წარმოიქმნება საცობები ყველაზე ხშირად და როგორ უნდა განიმუხტოს ისინი, ამის შესახებ Allnews.ge სპეციალისტებს ესაუბრა.

"საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია" საცობის განმუხტვის გზებს შემოვლითი რკინიგზის პროექტის განხორციელებასა და მუნიციპალური სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგებაში ხედავს. ასოციაციის თავმჯდომარის, დავით მესხიშვილის განმარტებით, შემოვლითი რკინიგზის პროექტს თბილისის ტრანზიტული მოძრაობისგან განმუხტვა შეუძლია.

"ეს არის 30კმ-იანი მონაკვეთი, რომელიც მოძრაობას 37%-ით განმუხტავდა, თუმცა ის უკვე 4 წელია გაჩერებულია," - აღნიშნა მესხიშვილმა და ასევე დასძინა, რომ თბილისში ყველაზე გადატვირთული მოძრაობა საბურთალოს რაიონშია.

"მე მომხრე ვიყავი, რომ სააკაძის მოედანზე ორდონიანი მოძრაობა ესტაკადის საშუალებით მოწყობილიყო ისე, რომ ნაკადებს ერთმანეთი არ გადაეკვეთათ და პირდაპირ სანაპიროზე ჩასულიყვნენ. დამონტაჟებული შუქნიშნით არამარტო სააკაძის მოედანი, არამედ მიმდებარე ქუჩებიც ვერ განიმუხტა," - განაცხადა მან.

"საქართველოს საავტომობილო ფედერაციის" პრეზიდენტის, შალვა ოგბაიძის თქმით, თბილისში მოძრაობა ყველაზე მეტად გადატვირთული გმირთა მოედანზე, სააკაძის მოედანზე და სასტუმრო Holiday Inn-ის მიმდებარე ტერიტორიაზეა.

"საცობია სულხან ცინცაძის ქუჩის დასაწყისიდან ყაზბეგის ჩასახვევამდე. საცობსაშიში ადგილია შარტავასა და ვახუშტის ქუჩები, რომელზეც ნაძალადევში, დადიანის ქუჩაზე გადასასვლელი ხიდი ესტაკადით უნდა გაგრძელდეს. პრობლემურია პეკინისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩის შემაერთებელი მონაკვეთი, სადაც პოლიცია პატრულირებს და ჟვანიას მოედნიდან წამოსულ სატრანსპორტო ნაკადს პირდაპირ პეკინზე არ უშვებს და ვაჟა-ფშაველას გამზირიდან უწევთ შემოვლა," - აღნიშნა მან.

შალვა ოგბაიძის თქმით, თბილისში საცობების განმუხტვა მუნიციპალური და კომერციული ტრანსპორტის გამიჯვნით, ტაქსების რეგულაციით, ტექდათვალიერების შემოღებითა და მართვის მოწმობის აღების სისტემაში ცვლილებებით უნდა მოხდეს. იხილეთ გაგრძელება