თბილისში ბიზნესკონსალტინგის კონფერენცია იმართება

სწრაფი ტემპი, ინოვაცია და ინტერნაციონალიზაცია საკონსულტაციო ბიზნესში - ამ თემებს განიხილავს საქართველოში მყოფი 260-მდე პროფესიონალი კონსულტანტი მსოფლიოს 39 ქვეყნიდან.

კონსულტანტთა ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია თბილისში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და ევროპის კავშირის ინიციატივა „ევროკავშირი ბიზნესისთვის“ (EU4Business) ორგანიზებით იმართება. მსგავსი მასშტაბის კონფერენცია ბიზნესკონსალტინგის თემაზე რეგიონში პირველად ტარდება.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს ვხსნი კონფერენციას, სადაც განიხილება საკითხები, რომლებიც საკონსულტაციო სფეროში წინსვლას განსაზღვრავს. ვისაუბრებთ ტენდენციებზე, მზარდ კონკურენციაზე, ახალ მოდელებსა და საერთაშორისო საზღვრების გადაკვეთის შესაძლებლობებზე. ფორუმზე წარმოდგენილი არიან ქვეყნები, სადაც საქმიანობას EBRD აწარმოებს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ღონისძიება თბილისში იმართება“, - აღნიშნა EBRD-ის “კონსულტაციები მცირე ბიზნესისთვის“ გუნდის დირექტორმა შარლოტა რუმ.

მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს EBRD-თან.

„ინოვაცია, სწრაფი განვითარება და ინტრენაციონალიზაცია არის დღევანდელი კონფერენციის მთავარი თემები და ამავდროულად ჩვენი კერძო სექტორის მთავარი ამოცანებიც. ქართული მცირე და საშუალო ბიზნესსექტორის განვითებისთვის აუცლებელია ინვაციების დანერგვა და საერთაშორისო ასპარეზზე გასვლა. ზოგადად, EBRD ძალიან გვეხმარება ამ მიმართულებით და არა ერთ ღონისძიებას ახორციელებს ბიზნესის დასახმარებლად,“ - განაცხადა ეკომონიკის მინისტრის მოადგილემ ქეთი ბოჭორიშვილმა.

კონფერენციამ თავი მოუყარა 260-მდე პროფესიონალ კონსულტანტს მსოფლიოს 39 ქვეყნიდან. კონფერენციას ესწრებიან საკონსულტაციო სფეროს ცნობილი მოაზროვნეები საქართველოდან, მეზობელი ქვეყნებიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან და დასავლეთ ევროპიდან. ფორუმი ახალი კონტაქტების დამყარების კარგი შესაძლებლობაა. მონაწილეები განიხილავენ ინოვაციის ძირითად უპირატესობას საკონსულტაციო სფეროში, ბიზნეს-საკონსულტაციო დარგის გამოწვევებს და მათი გადაჭრის გზებს.

„Business and finance consulting (BFC) საქართველოში 2003 წლიდანაა წარმოდგენილი. საკონსულტაციო საქმიანობას აგრო მიმართულებით ვახორციელებთ. ღონისძიება ჩვენთვის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია. აქ მრავალი ისეთი კომპანიაა, რომელიც საქართველოში არ არის წარმოდგენილი. შესაბამისად, ახალი ნაცნობობისა და კავშირების დამყარების კარგ საშუალებას მოგვცემს. მეტი ქვეყანა გაიცნობს საქართველოს და ქართულ ბაზარს, რომელიც საკონსულტაციო კუთხით ჯერ კიდევ განვითარების ეტაპზეა. სხვა ქვეყნების გამოცდილების მაგალითზე შეიძლება მივიღოთ მნიშვნელოვანი ცოდნა,“ – „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბარში აღნიშნა BFC -ის პროექტების კოორდინატორმა ნატო ბოჭორიშვილმა.

EBRD „კონსულტაციები მცირე ბიზნესისთვის“ გუნდის მეშვეობით, მხარს უჭერს 26-ზე მეტი ქვეყნის ადგილობრივ კონსულტანტებს ტრეინინგებით, გამოცდილების გაზიარებითა და მათთვის უფრო რთულ და დახვეწილ პროექტებზე ერთობლივად მუშაობის შესაძლებლობის შეთავაზებით. ეს ყველაფერი კი საშუალებას აძლევს კონსულტანტებს უკეთ განავითარონ თავიანთი უნარები და, შესაბამისად, უფრო ხარისხიანი მომსახურება გაუწიონ ბიზნესებს. საქართველოში, ისევე როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებში, EBRD მსგავსი ტიპის საქმიანობებს აფინანსებს „ევროკავშირი ბიზნესისთვის“ ინიციატივის მეშვეობით. პროექტის ფარგლებში კერძო სექტორის დასახმარებლად 8 მილიონი ევროს მობილიზება მოხდა.

ნანა მღებრიშვილი