სოფელ ყიზილაჯლოში წყალმომარაგების ახალი ცენტრალიზებული ქსელი მოეწყობა

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში, განჯავის ქუჩაზე წყალმომარაგების ცენტრალიზებული ქსელი კეთდება. სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია საკუთარი ფინანსებით ახორციელებს.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, პროექტის ფარგლებში მოეწყობა წყალმომარაგების სრულიად ახალი ქსელი, 350 მეტრ სიგრძეზე მოთავსდება წყლის ახალი მილები და მოწესრიგდება შიდა ინფრასტრუქტურა.

”განჯავის ქუჩას ცენტრალიზებული სისტემის არ არსებობის გამო წყალი შეფერხებით მიეწოდება. სამუშაოების დასრულების შედეგად, აღნიშნულ დასახლებაში მცხოვრებ ოჯახებს არსებული პრობლემა მოუგვარდება და ათეულობით აბონენტი გაუმჯობესებული წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი”, - ნათქვამია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ერთ კვირაში დაასრულებს.