კახეთში ზეთისხილის რთველი იწყება

დედოფლისწყაროს რაიონში ორ კვირაში ზეთისხილის რთველი იწყება.

ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ კომპანია „ქართული ზეთისხილის“ გადამამუშავებელი საწარმოს მენეჯერმა ალექსანდრე ჩახნაშვილმა განუცხადა.

„სულ მალე ჩვენთან ზეთისხილის რთველი დაიწყება. საზოგადოებამ უკვე იცის, რომ ზეთისხილის პლანტაციები დედოფლისწყაროს რაიონის ორ სოფელში, საქობოსა და მაშნაარში, 25 ჰექტარზე გვაქვს გაშენებული. მართალია, საცდელი პლანტაციები გურიასა და იმერეთში, კერძოდ ბაღდათის რაიონშიც გვაქვს, მაგრამ იქ ძალიან მცირე მოსავალს ველოდებით. შეიძლება ითქვას, რომ ზეთისხილმა ყველაზე კარგად კახეთში გაიხარა", - აღნიშნა "ქართული ზეთისხილის" საწარმოს მენეჯერმა.

ალექსანდრე ჩახნაშვილის თქმით, შარშან მხოლოდ 15 ტონა ზეთისხილი მოიწიეს, წელს კი, მოსავალი ორჯერ და უფრო მეტად არის მომატებული.

„დაახლოებით 40-50 ტონა მოსავალს ველოდებით. იმედი გვაქვს, რომ მომავალ წელს უფრო მეტ ზეთისხილს დავკრეფთ. წლის ბოლოს კი, ბაზარზე ჩვენებური, ქართული ზეთისხილი და ზეითუნის ზეთი გამოვა. ამას უფრო ადრეც ვაპირებდით, მაგრამ ამინდმა ძალიან შეგვიშალა ხელი. შარშან რთველი უფრო ადრე გვქონდა, წელს კი, ზეთისხილმა დამწიფება ცოტა დააგვიანა. ვისაც ჰგონია, რომ ადრე საქართველოში ზეთისხილი არ მოჰყავდათ, ცდება. კომუნისტების დროსაც ჰქონდათ ზეთისხილის ბაღები დაბა წნორში, მაგრამ მერე ხალხმა აღარ მოუარა და გადაშენდა. ჩვენ ამ ტრადიციის აღდგენა გვსურდა და გვიხარია, რომ მოვახერხეთ“, - აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი.

ხათუნა ჩიგოგიძე