არაბული საკონსულტაციო კომპანია ქართველ მეწარმეებს არაბულ სამყაროში პროდუქციის ექსპორტში დაეხმარება

არაბული საკონსულტაციო კომპანია Channel Georgia FZC საქართველოში სამი მიმართულებით განახორციელებს საქმიანობას.

კომპანია საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა და ბიზნესმენმა ფადი ასლიმ ცოტა ხნის წინ დააარსა.

„Channel Georgia FZC ქართველ მეწარმეებს არაბულ სამყაროში პროდუქციის ექსპორტში ეხმარება. მათთვის ეძებს დისტრიბუტორებს, არეგისტრირებს პროდუქტებს, ეხმარება ლოგისტიკური საკითხების მოგვარებაში და სხვა”, - განუცხადა „ბიზნესპრესნიუსს“ ფადი ასლიმ.

მისივე თქმით, კომპანიას საქართველოში არაბული ქვეყნებიდან შემოყავს ინვესტორები და ეხმარება მათ საქართველოში საქმიანობის წარმოებაში.

Channel Georgia FZC ასევე შექმნის საინვესტიციო ფონდს, რომელიც საქართველოზე იქნება ფოკუსირებული.

„ჩვენ მაღალპროფესიონალი პარტნიორების ჯგუფი გვყავს. ისინი შემდეგი მიმართულებით მუშაობენ: საბანკო და ფინანსური მომსახურება, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, ენერგეტიკა, უძრავი ქონება, ბაზრის კვლევა, რეკლამა და დიზაინი“, - განმარტავს ბიზნესმენი.

როგორც რამდენიმე დღის წინ ფადი ასლიმ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბარში აღნიშნა, 2016 წლის დასაწყისიდან ბიზნეს საზოგადოებაში დიდი ოპტიმიზმი იგრძნობა. ეს ეხება როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ ბიზნესმენებს. მისი თქმით, ბიზნესსაქმიანობები ქვეყანაში იზრდება და ფართოვდება.

ნანა მღებრიშვილი