ომბუდსმენი და პროფკავშირების თავმჯდომარე საარსებო მინიმუმისა და მინიმალური ხელფასის დეფინიციის განსაზღვრას ითხოვენ

სახალხო დამცველის აპარატმა და პროფკავშირების გაერთიანებამ, ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით, განხორციელებული ერთობლივი პროექტის ფარგლებში , საარსებო მინიმუმსა და მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებული რეგულაციები შეამოწმეს და ერთობლივი რეკომენდაციები შეიმუშავეს.

დღეს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი და პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი სასტუმრო „ამბასადორში“ კვლევის შედეგებს წარადგენენ.

როგორც სახალხო დამცველის აპარატსა და პროფკავშირების გაერთიანებაში აღნიშნავენ, სამწუხაროდ, მოქმედი „შრომის კოდექსი“ არ ითვალისწინებს მინიმალური ხელფასის ოდენობას.

მათივე განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის ბრძანებულებით, მინიმალური ხელფასის ოდენობა თვეში 20 ლარს შეადგენს, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის ბრძანებულებით, აღმასრულებელ ხელისუფლებაში დასაქმებულ მომსახურეთა შრომის ანაზღაურების მინიმალურ ოდენობად დადგენილია 135 ლარი, ორივე შემთხვევაში მინიმალური ხელფასის ოდენობა საქართველოში დადგენილ საარსებო მინიმუმზე დაბალია, რაც სახალხო დამცველის და პროფკავშირების შეფასებით, ვერანაირად ვერ ჩაითვლება სამართლიან და ადეკვატურ ანაზღაურებად.

მათივე ინფორმაციით, შემოსავლების სამსახურის 2016 წლის მარტის მონაცემებით, საქართველოში 100 ლარზე დაბალი ხელფასი აქვს 25 001 ადამიანს, საარსებო მინიმუმზე დაბალი ხელფასი კი 62 681-ს, ხოლო ოჯახის საარსებო მინიმუმზე დაბალი 130 282 ადამიანს. სხვა ქვეყნების გამოცდილებისა და საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, პროექტის ფარგლებში შემუშავდა რამდენიმე რეკომენდაცია. მათ შორის არის ის, რომ პარლამენტმა მოახდინოს მინიმალური ხელფასის დაწესების შესახებ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 1970 წლის 131-ე კონვენციის რატიფიცირება, საქართველოს ორგანულ კანონში, „საქართველოს შრომის კოდექსში“ შეტანილ იქნას ცვლილება და გაჩნდეს მინიმალური ხელფასის დეფინიცია. შესაბამისი კვლევის საფუძველზე განისაზღვროს სამართლიანი მინიმალური ხელფასის ოდენობა. პროფკავშირების მოსაზრებით, მინიმალური ხელფასის ოდენობის დადგენისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მისი თანაფარდობა ქვეყანაში არსებულ საშუალო ხელფასთან და იგი უნდა განისაზღვროს არანაკლებ საშუალო ხელფასის 30%-ის ოდენობით.

რეკომენდაციების მიხედვით, მინიმალური ხელფასის ოდენობა უნდა განისაზღვროს როგორც საათობრივი, ასევე ყოველთვიური სახით, რათა არ მოხდეს არასრულ განაკვეთიანი სამუშაო ადგილების შემცირება, ასევე მინიმალური ხელფასის ანაზღაურებაზე კონტროლი უნდა განახორციელოს შრომის ინსპექციამ, რომელსაც უნდა გააჩნდეს შესაბამისი ბერკეტი, გამოავლინოს დარღვევა და დამრღვევის მიმართ გამოიყენოს კონკრეტული სანქციები.

რეკომენდაციების მიხედვით საქართველოს ორგანულ კანონში - „საქართველოს შრომის კოდექსში“ უნდა განისაზღვროს მინიმალური ხელფასის ყოველწლიური გადახედვის მექანიზმი, ხოლო ამის ვალდებულება უნდა დაეკისროს სოციალური პარტნიორობის სამმხრივ კომისიას, რომელიც შეიმუშავებს რეკომენდაციებს და წარუდგენს პრემიერს.